კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

დაცვის მხარის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი უფროსი მზად არის, საბოლოო სიტყვითაც დღესვე ისარგებლოს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მოსამართლე ნინო თარაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

აღნიშნული მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.