სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, წვეულებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. კიდევ ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. სამართალდამცავები მომხდარის დეტალებს იძიებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 60 მკვლელობა ხდება, რის გამოც ქვეყანა მკვლელობების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.