ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური და თავდაცვითი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
უკრაინულმა მხარემ, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა ზამთრის პერიოდში რუსეთის მხრიდან თავდასხმების შესაძლო გააქტიურებასა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ორი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნაზე შეთანხმება მოხდა.
შეხვედრის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის დამატებით ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენი ახალი სარაკეტო თავდაცვის პროგრამა ხელს შეუწყობს წარმოების მოცულობის სწრაფ ზრდას. უკრაინა კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებს. და როგორც კი რეფორმები წინ წავა, ასევე გაიზრდება საბიუჯეტო მხარდაჭერაც. ამ კალენდარულ წელს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 37 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.