სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც, მისი თქმით, რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

ფაშინიანის განცხადებით, პროექტის განხორციელება სომხეთისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის „ახალ ერას გახსნის“. მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად სომხეთის მთავრობის ინიციატივა – „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ხორციელდება.

სომხეთის პრემიერის თქმით, „ტრამპის მარშრუტის“ ერთ-ერთი შედეგი შესაძლოა სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის სარკინიგზო კავშირის შექმნაც იყოს.

„რამდენიმე წლის წინ სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით „მსოფლიოს გზაჯვარედინი“. ეს ყველაფერი ერთად ამ პროექტს რეალობად აქცევს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობაზე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

მისი თქმით, გასული წლის 8 აგვისტოს აშშ-სთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, სომხეთში ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის სამი ცენტრი შეიქმნა, რომელთაგან ორი, პრემიერის ინფორმაციით, მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამებს წარმოადგენს.