რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის პოზიცია ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უცვლელია.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, თუ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სურს, მას მოსკოვში ჩასვლა შეუძლია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ზელენსკის უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა.
„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, თუ სურვილი აქვს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, – განაცხადა პესკოვმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.
ზელენსკის თქმით, მას ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთის ლიდერთან შეხვედრა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში აშშ-ის პრეზიდენტიც შეძლებს დახმარებას, მათ შორის სამმხრივი ფორმატის შემთხვევაში.
„მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ დროს შესახვედრად. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.