საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
„საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანტონიო გუტიერეშთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე, კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაეროს როლსა და პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
„მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, – წერს ირაკლი კობახიძე.