საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალურ დებატებზე დღეს სიტყვით გამოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ასევე ისაუბრებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.

პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.