რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, სულ მცირე რვა კი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით რამდენიმე შეტევა განხორციელდა. აფეთქებებისა და ჩამოცვენილი ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, ავტომობილები და სამედიცინო დაწესებულებები.

დნეპროვსკის რაიონში დაზიანდა კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა. სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილებზე მუშაობდნენ.

პოდილსკის რაიონში კი რაკეტის ნამსხვრევები სამშობიარო სახლის სიახლოვეს ჩამოვარდა. დაზიანდა შენობის ფასადი და ფანჯრები, ავტოსადგომზე რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი დაღუპული სწორედ სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ავტოსადგომზე იპოვეს.