ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვდა. შეხვედრისას კოშტამ ირანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
CNN-ის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პეზეშკიანთან შეხვედრას „გულახდილი და არსებითი საუბარი“ უწოდა. მან ასევე მოუწოდა თეირანს, აღადგინოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში, რომლის გარშემოც მიმდინარე კონფლიქტის ფონზე უთანხმოება კვლავ გრძელდება.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დიალოგი კონფლიქტების მოგვარებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა“, – დაწერა კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირანს ასევე მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA).
ირანის ხელისუფლება დაბომბილი ბირთვული ობიექტების ინსპექტირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სააგენტოს მოთხოვნას არ შეასრულებს და მიზეზად სამხედრო დარტყმებით დაზიანებული ობიექტების შემოწმებისთვის შესაბამისი რეგულაციების არარსებობას ასახელებს.
ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმები განახორციელეს. შეტევების შედეგად დაზიანდა, მათ შორის, ნათანზის, ფორდოუსა და ისფაჰანის ობიექტები.