რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრები ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისა და სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელება. ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არის შეთანხმებული და სექტემბრის დასაწყისში კრემლში გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების გაგრძელებას წარმოადგენს.
მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების საკითხი, ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და ენერგეტიკა.