აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადის კიდევ ორი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება 2027 წლის 10 იანვრამდე იმოქმედებს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

ბესენტის განმარტებით, დამატებითი დრო მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები გააგრძელონ.

„შევთანხმდით გავახანგრძლივოთ ე.წ. „ბუსანის შეთანხმება“, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში დაძაბულობის შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმების ვადა 2026 წლის 10 ნოემბერს იწურებოდა. ახლა მას 2027 წლის 10 იანვრამდე გავახანგრძლივებთ“, – აღნიშნა ბესენტმა.

სავაჭრო ზავის ფარგლებში აშშ და ჩინეთი ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფების ნაწილის შემცირებასა და ახალი შემზღუდავი სავაჭრო ზომებისგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა სავაჭრო ზავის შესახებ შეთანხმებას 2025 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს.