აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა მოსამართლემ ტიმ კელიმ სამი მედიასაშუალების სარჩელის ფარგლებში დროებითი შემაკავებელი გადაწყვეტილება მიიღო და ადმინისტრაციას ჟურნალისტებისთვის პრესის ბარათების დაბრუნება დაავალა. ამასთან, სასამართლომ შეზღუდვის აღსრულება 14 დღით დაბლოკა.

მოსამართლის შეფასებით, მედიასაშუალებებისთვის დაწესებული აკრძალვა, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი პროცედურის მოთხოვნებს. კელიმ ასევე არ გაიზიარა ადმინისტრაციის არგუმენტი, რომ შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული.

CNN-მა, MS NOW-მა და Politico-მ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში მას შემდეგ უჩივლეს, რაც პრეზიდენტმა 18 სექტემბერს მათ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება სიტყვისა და პრესის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს არღვევდა.

ტრამპმა აკრძალვის გამოცხადებისას სამ მედიასაშუალებას „ყალბი ამბების“ გავრცელებაში დასდო ბრალი.