ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მის ადგილს რამაზ სვანაძე დაიკავებს, რომელიც ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – 2024 წელს საქართველო პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპი დაძლია და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე აქამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

ფედერაციის ცნობით, 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ სამ მატჩში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

„მადლობა ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.