ათენის ისტორიულ უბანში ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სამსართულიანი შენობის ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მედიის ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა, ხოლო პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აშშ-ის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა.
შემთხვევა 25 სექტემბერს, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა. ძლიერ აფეთქებას შენობის ჩამონგრევა და ხანძარი მოჰყვა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრევის საფრთხე მეზობელ შენობებსაც ემუქრება.
აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. გამომძიებლები ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად აირის გაჟონვას განიხილავენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, აფეთქებამდე ტერიტორიაზე აირის სუნი იგრძნობოდა.