უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, გერმანელ კოლეგა იოჰან ვადეფულთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ვადეფულმა მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედეგები გააცნო.

„მადლობელი ვარ მინისტრ ვადეფულის, რომ რუსულ მხარეს ჩვენი მტკიცე, საერთო პოზიციები გადასცა: მოსკოვისთვის ომის დასრულების მოთხოვნა, უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და გაფრთხილება ევროპის წინააღმდეგ შემდგომი მტრული ქმედებების შესახებ“, – წერს სიბიგა.

მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებისა და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გადასადგმელი ერთობლივი ნაბიჯები, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და ზამთრის წინ უკრაინის მდგრადობის გაძლიერების გზები.

ვადეფული და ლავროვი 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ. ეს გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

გერმანული მხარის ინფორმაციით, ვადეფულმა ლავროვს მოუწოდა, მოსკოვმა უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს მიმართ „ესკალაციის სახიფათო გზაზე“. მან ასევე განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტთან დაკავშირებული ინციდენტი და სხვა ჰიბრიდული თავდასხმები უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერას ვერ შეარყევს.