დიდ ბრიტანეთში, სამეფო საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზასთან ახლოს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ბაზას აშშ-ის საჰაერო ძალებიც იყენებს.

„ბიბისის“ ცნობით, რამდენიმე მამაკაცი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ეჭვით დააკავეს. ბრიტანეთის არმიის გამნაღმველთა სპეციალიზებული ჯგუფი რამდენიმე ავტომობილს ამოწმებს.

პოლიციამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების პერიმეტრი მოაწყო. სამართალდამცველების განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მობილიზებულია საგანგებო სამსახურებიც, მათ შორის სახიფათო ზონაში რეაგირების სპეციალიზებული ჯგუფი.

გლოსტერშირის პოლიციის ინფორმაციით, RAF Fairford-ის ბაზასთან მდებარე სოფელ უელფორდის მცხოვრებლები უსაფრთხოების მიზნით დროებით დასასვენებელ ცენტრში გადაიყვანეს.

RAF Fairford-ს აშშ-ის საჰაერო ძალებიც იყენებს. ბოლო პერიოდში ბაზაზე ამერიკული სამხედრო ავიაცია, მათ შორის ბომბდამშენები იყო განთავსებული.