სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციის ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერის პენიტენციური დაწესებულებიდან გატანის უფლება არ მისცეს.
უწყება ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ ბრალდებას უარყოფს და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კორესპონდენციის გაგზავნისა და მიღების წესი კანონმდებლობით რეგულირდება.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს წერილების შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნისა და მიღების უფლება აქვთ. კორესპონდენციის შემოწმება, როგორც წესი, მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას გულისხმობს, შინაარსის გაცნობის გარეშე.
უწყების განმარტებით, წერილის შინაარსის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებს.
ამასთან, პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა პატიმარს ადვოკატთან შეუზღუდავი და კონფიდენციალური შეხვედრის უფლებას ანიჭებს, თუმცა, უწყების პოზიციით, არცერთი საკანონმდებლო ნორმა პირდაპირ არ ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, შეხვედრის შემდეგ დაწესებულებიდან სხვადასხვა სახის ჩანაწერი გაიტანოს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მიიჩნევს, რომ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ საფუძველს მოკლებულია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ორგანიზაციის ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერის დაწესებულებიდან გატანა აუკრძალეს. ორგანიზაცია მომხდარზე რეაგირებას სახალხო დამცველისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურისგან ითხოვს.