საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი სერგი ყანჩელი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს.
ყანჩელის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით შესაბამის უწყებას საჩივრით უკვე მიმართა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს.