„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცენზურის მექანიზმს იყენებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოვლენილია 93 სიტყვა და ფრაზა, რომელთა გამოყენებასაც კომისია ტელევიზიებს ედავება.
მათ შორისაა „რეჟიმი“, „ოლიგარქი“, „პოლიტიკური პატიმრები“, „სინდისის პატიმრები“, „ივანიშვილის პრემიერი“, „სასამართლო კლანი“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების ხელისუფლება“.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ აღნიშნული საფუძვლით შვიდი მოხსენებითი ბარათი შეადგინა.
თავდაპირველად ტელევიზიებმა სიტყვიერი გაფრთხილებები მიიღეს, შემდეგ კი ჯარიმები 2 500 და 5 000 ლარს შეადგენდა. 1-ელ ოქტომბერს კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მესამედ, ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
„კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ფინანსური სანქციები ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ტელევიზიების დასუსტებას ემსახურება. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კომისიას მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს.