საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში კორუფციული პრობლემები არსებითად აღმოფხვრილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, გამოძიების ჩატარება შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა, მთავრობის მთავარი ამოცანა კი სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდა და მართვის პროცესების გაუმჯობესებაა.
კობახიძის ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობდა, თუმცა გიორგი ერაძის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ განხორციელებულმა ცვლილებებმა ორგანიზაციას მნიშვნელოვანი დანაზოგი და დამატებითი შემოსავლები მოუტანა.
„გასული წელი დაიხურა 7-მილიონიანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა“ სწორი და კეთილსინდისიერი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებების მაგალითად „საქართველოს რკინიგზაც“ დაასახელა. კობახიძის თქმით, ორგანიზაციაში 1 100 ჭარბი საშტატო ერთეული გამოვლინდა, ხოლო საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიზოგა.
პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული პრობლემების შესწავლასა და საკადრო ცვლილებების განხორციელებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა და ეს პროცესი 2025 წლის ივნისისთვის დასრულდა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო დაახლოებით ორწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო. მისი თქმით, პრობლემების გამოვლენისთანავე ხელისუფლებამ რეაგირება დაიწყო.
„დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეული სუბიექტური არასწორი ქმედებების გამო, თავი იჩინა პრობლემებმა კორუფციის მიმართულებით“, – განაცხადა მან.
პრემიერის შეფასებით, წარსულში კორუფციასთან ბრძოლაზე სრულფასოვანი კონცენტრირება ქვეყნის გარედან მომდინარე ზეწოლის გამო რთული იყო, თუმცა დღეს სახელმწიფო ერთდროულად მუშაობს როგორც საგარეო გამოწვევებზე, ისე შიდა პრობლემების აღმოფხვრაზე.
„კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი, არამარტო ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ არის მუდმივი ბრძოლა საჭირო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, წარსულში შესაძლო სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში გამოძიებას შესაბამისი საგამოძიებო უწყებები ჩაატარებენ.