ინდოეთის დედაქალაქ დელიში ხელისუფლებამ 12 ოქტომბერს მეტროს ექვსი სადგური დახურა და სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესა. ზომები ოპოზიციის მიერ უზენაესი სასამართლოსკენ დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უკავშირდება. დემონსტრანტები ამომრჩეველთა სიების გადახედვას აპროტესტებენ და მთავარი საარჩევნო კომისრის, გიანეშ კუმარის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სიების გადამოწმების პროცესი გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში 130 მილიონზე მეტი ჩანაწერი წაიშალა – ეს რაოდენობა იაპონიის მოსახლეობას აღემატება. ამოღებულ ჩანაწერებს შორის არიან გარდაცვლილი ადამიანები, საცხოვრებლად სხვაგან გადასული პირები და მოქალაქეები, რომელთა მოძიებაც ვერ მოხერხდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პროცესი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მმართველ პარტიას, „ბჰარატია ჯანატას“ – BJP-ს — უპირატესობას ანიჭებს. ინდოეთის საარჩევნო კომისია ამ ბრალდებას უარყოფს და განმარტავს, რომ სიებიდან შეცდომით ამოღებულ ამომრჩევლებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ.

მმართველი პარტია კი ოპონენტებს ლეგიტიმური საარჩევნო პროცედურების უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენებასა და ქვეყნის დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

მეტროს დახურული სადგურები და ათასობით დაკავებული

ოქტომბერში ოპოზიციური პარტიები და ახალგაზრდული მოძრაობის, მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს თითქმის ყოველდღე მართავენ.

გასულ უქმეებზე პოლიციამ დელიში ათასობით დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის – „Cockroach Janta Party-ის, ლიდერები. მოძრაობის მხარდამჭერების მსვლელობა უსაფრთხოების ათასობით თანამშრომელმა შეაჩერა, დელის ცენტრალურ ნაწილში კი გადაადგილება მკაცრად შეიზღუდა.

ორშაბათს მეტროს ექვსი სადგური „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ დაიკეტა. პოლიციამ გზების 20-ზე მეტ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვები და შემოვლითი მარშრუტები გამოაცხადა.

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა“, უზენაესი სასამართლოსკენ მსვლელობა დააანონსა. პარტია სასამართლოს თავმჯდომარისთვის მემორანდუმის გადაცემას გეგმავდა, რომელშიც მოითხოვდა გიანეშ კუმარის გადადგომასა და იმ პროცესის შეწყვეტას, რომელსაც „ხმების მოპარვას“ უწოდებს.

„ახალგაზრდები, ყველა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები – ყველა, ვისაც დემოკრატიის სჯერა და ინდოეთის კონსტიტუციას იცავს – ჩვენთან ერთად წამოვა“, – დაწერა „კონგრესის“ ლიდერმა რაჰულ განდიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე უარი თქვა

„კონგრესის“ წყაროს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, სურია კანტმა, განდისა და პარტიის დელეგაციასთან შეხვედრის მოთხოვნა ელექტრონული წერილით უარყო.

იმავე წყაროს ცნობით, სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა, რომ საკითხს სასამართლო უკვე განიხილავს და პარტიამ საკუთარი მოთხოვნები შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გზით უნდა წარადგინოს.

პარალელურად, ახალგაზრდულმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მისი ლიდერები დელის პოლიციას შეხვდებიან და მშვიდობიანი პროტესტის ჩატარებისთვის თარიღის გამოყოფას მოითხოვენ. მოძრაობა ახალი აქციის გამოცხადებით იმუქრება, თუ პასუხს 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს.

რატომ გახდა ამომრჩეველთა სიები დავის საგანი

პროტესტის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა Indian Express-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიანეშ კუმარის ორმა მოადგილემ შიდა განხილვებისას შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა სიების გადახედვის, რეგისტრაციის პროცედურებისა და ციფრული სისტემების შესახებ.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გადამოწმებისას სიებიდან ამოღებულ ჩანაწერებს შორის დაახლოებით 28 მილიონი გარდაცვლილ პირებს ეკუთვნოდა, 63 მილიონი – საცხოვრებლად სხვაგან გადასულებს, ხოლო 30 მილიონი – ადამიანებს, რომელთა მოძიებაც ვერ მოხერხდა.

ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, სიებიდან ამოღება არაპროპორციულად შეეხო მუსლიმ ამომრჩევლებსა და სხვა უმცირესობებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ნაკლებად უჭერენ მხარს ინდუისტურ ნაციონალისტურ მმართველ პარტიას. ამ ბრალდებას როგორც საარჩევნო კომისია, ისე BJP უარყოფს.

წინაისტორია: ახალგაზრდული პროტესტიდან საარჩევნო დაპირისპირებამდე

ახალგაზრდული მოძრაობა ბოლო თვეებში სხვადასხვა საკითხზე მართავდა აქციებს – სახელმწიფო სკოლების ინფრასტრუქტურიდან დასაქმებამდე. Reuters-ის შეფასებით, ის ნარენდრა მოდისა და მისი პარტიისთვის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად იქცა.

ამომრჩეველთა სიების გადახედვის გარშემო დაპირისპირებამ ახალგაზრდული მოძრაობისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები ერთმანეთს დაუკავშირა. დავის ცენტრშია საარჩევნო პროცესის სანდოობა: ხელისუფლება სიების გადამოწმებას კანონიერ პროცედურად მიიჩნევს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ მას მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებზე უთანასწორო გავლენა აქვს.

წყაროები :