უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 20 ოქტომბერს, ოსლოში ჩადის, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციას Reuters ნორვეგიისა და შეხვედრის თანაორგანიზატორი ფინეთის ხელისუფლებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო 19 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ ამ კვირაში ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც გაემგზავრება უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის. იმავე ცნობით, შეხვედრებში ზელენსკისა და ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობასაც ელოდნენ.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნორვეგიასა და ფინეთს შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, როგორც მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, უკრაინისთვის კრიტიკულ დროს“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა დაადასტურა, რომ ზელენსკისა და სტიორესთან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, განხილვის თემები იქნება „რუსეთის უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროპაში უსაფრთხოების საერთო ვითარება“.
ნორვეგიის ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ლიდერი დღესვე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ამასთან, ნორვეგიისა და ფინეთის ოფიციალურ განცხადებებში ამერიკული ან სხვა ევროპული დელეგაციების მონაწილეობა ნახსენები არ არის. შესაბამისად, უიტკოფის დაგეგმილ ვიზიტზე Reuters-ის ინფორმაცია და სამი ლიდერის დადასტურებული შეხვედრა ამ ეტაპზე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
წყარო: Reuters.