სამხრეთ კორეა უკრაინიდან საელჩოს დამატებით პერსონალს გაიწვევს, ვინაიდან კიევის მხრიდან, ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საქმეზე წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით, „კონსტრუქციული პასუხი“ ვერ მიიღეს, – ამის შესახებ სეულის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა.
სამხრეთ კორეამ ელჩი ამ თვეში გამოიწვია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ორი დაკავებული ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო სამხრეთ კორეას გადასცა. სეულის განცხადებით, ამ ფაქტის საჯაროდ გახმაურებამ დაარღვია შეთანხმება კონფიდენციალურობის შენარჩუნების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა თავად ამ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების დაცვას ჩრდილოეთ კორეაში.
სამინისტროს პრესსპიკერის, პარკ დუ-სუნის განცხადებით, სეულმა უკრაინას საკუთარი პოზიცია მრავალი არხით აცნობა, თუმცა კიევისგან საკმარისი პასუხი არ მიუღია.
„ეს ზომა მივიღეთ იმის გამო, რომ მიგვაჩნია აუცილებლად, ხელი შევუწყოთ საკითხის მეგობრულად მოგვარებას და აღვადგინოთ ორ ქვეყანას შორის ნდობა“, – განუცხადა პარკმა ტრადიციულ პრესკონფერენციას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ქვეყანას ზუსტად რამდენი თანამშრომელი დატოვებს.
პარკის თქმით, კიევში დარჩება საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა დიპლომატიური კომუნიკაცია შენარჩუნდეს, ასევე ყველა საკონსულო პერსონალი – სამხრეთ კორეის მოქალაქეთა დასაცავად. მისივე თქმით, უკრაინის მასშტაბით არსებული საჰაერო დარტყმების მუდმივი საფრთხე ასევე ართულებდა პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიgამ საინფორმაციო სააგენტო RBC-Ukraine-ს განუცხადა, რომ კიევისთვის ეს საკითხი ამოწურულია.
მან დავა კონფიდენციალურობის შეთანხმებების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას მიაწერა და აღნიშნა, რომ უკრაინამ ყველა თავისი ვალდებულება შეასრულა.