უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი „ვერ მოთოკავს პუტინს“, მან უკრაინას დიდი ხნის წინ ნათხოვნი საჰაერო თავდაცვის მართვადი რაკეტები უნდა გადასცეს, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს. ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ორ ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება.
„თუკი პუტინის მოთოკვა არ შეგიძლიათ, მაშინ მოგვეცით საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შევძლო“, – განუცხადა ზელენსკიმ იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-ს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოგვიანებით, სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „გაბრაზებულია“ იმ, მისი თქმით, ყალბი ბრალდებების გამო, თითქოს „ის ისეთ ქმედებებს სჩადის, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებს უკრაინას“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის არაფერია „განზრახ შეზღუდული“, თუმცა დასძინა: „საქმე უბრალოდ ბალანსს ეხება – ერთ მხარესაა ჩვენი ვალდებულებები სხვა პარტნიორების წინაშე და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საკუთარი ობიექტების საჭიროებებიც“.
ეს დიალოგი იმ დროს შედგა, როდესაც ზელენსკი ნორვეგიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს სამშაბათს უნდა შეხვედროდა; შეხვედრას დისტანციურ რეჟიმში უერთდებოდა ტრამპის სიძე და კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი.
ამ კვირაში ზელენსკიმ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების გაჭიანურებაში, ასევე Starlink-ის თანამგზავრული მონაცემების შეზღუდვაში დაადანაშაულა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინული ძალებისთვის რუსული შემტევი დრონების მოსაგერიებლად.
უკრაინას თითქმის შემოაკლდა აშშ-ში წარმოებული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად იყენებენ და ზელენსკი უკვე ხანია მეტი შეიარაღების გამოყოფას ითხოვს. ამ კვირაში მან აღნიშნა, რომ აშშ აყოვნებს ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის უკვე შეძენილი „პატრიოტების“ მიწოდებას.
ინდოეთში ვიზიტად მყოფმა რუბიომ განაცხადა, რომ „მსოფლიოს სხვა ყველა ქვეყანას“ სურს „პატრიოტები“.
„დღეს საუდის არაბეთსაც ვესაუბრე. მათაც სურთ ჩამჭრელი რაკეტები. ისრაელსაც სურს. ჩვენც გვსურს. მსოფლიოს ყველა ქვეყანას სურს ეს რაკეტები“, – აღნიშნა მან. „თავდაცვის სფეროში ახლა ეს ალბათ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ამიტომ, როდესაც ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისგან რაკეტებს ვერ იღებს, ეს იმიტომ არ ხდება, რომ რაიმეზე უარს ვამბობთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსული დარტყმების კიდევ ერთი ღამე გამოიარა, „და პარტნიორების მხრიდან კვლავ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა“. ბოლო თავდასხმების შედეგად დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, – იტყობინებიან კიევში.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბიც შეუერთდება ოსლოში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რათა „დიპლომატიური ძალისხმევა უფრო კონსტრუქციულ გზაზე დადგეს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს რუსეთს გარკვეული სანქციები მოუხსნა და შეამცირა ენერგორესურსების გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვები, რათა შეემსუბუქებინა ირანთან მიმდინარე ომით გამოწვეული ბენზინის ფასების ზრდა აშშ-ში. ზელენსკის თქმით, ეს პოლიტიკა შესაძლოა ეხმარებოდეს მოსკოვს და კიდევ უფრო გაააქტიუროს უკრაინის წინააღმდეგ ოთხნახევარწლიანი ომი.
ტრამპმა გააკრიტიკა ზელენსკი იმის გამო, რომ მან განაცხადა, თითქოს რუსეთის უახლესი მასიური იერიშების საპასუხოდ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას განაახლებდა.
შაბათს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას კვლავ არ აქვს საშუალება გამოიყენოს Starshield-ი – SpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრული ქსელის სამხედრო დონის ვერსია – რუსული დრონების მოსაგერიებლად.
ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო Starshield-ის შეზღუდვების გატარების ბრძანება. პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა CBS News-თან ორშაბათს, რომ „ომის დეპარტამენტის პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა სადაზვერვო მონაცემების გაზიარებისა და იმ შესაძლებლობების კუთხით, რომლებსაც ევროპელებს უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას ვაძლევთ“.
ბოლო დღეებში ტრამპმა კიდევ უფრო გააძლიერა ზელენსკის საჯარო კრიტიკა და Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს „არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა“, ხოლო ჟურნალისტებს განუცხადა: „ალბათ დროა ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის ვინმე სხვას მიმართოს“.
ტრამპს საჯაროდ არასდროს აღუნიშნავს, რომ ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო, რომელიც თავდაპირველად 2014 წლიდან მიმდინარეობს, და ზოგჯერ პუტინის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს ბრძანებულ ფართომასშტაბიან შეჭრაში თავად ზელენსკის ადანაშაულებს.
ტრამპის წარმომადგენლებთან სამშაბათის შეხვედრამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წინა დღეს „არსებითი საუბარი“ ჰქონდა რუბიოსთან, სადაც ხაზი გაუსვა, რომ Starshield-ის  გადაცემა უნდა აღდგეს“, ხოლო ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელები „სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია“.
ორშაბათს ვიდეოზარით აშშ-ის ორპარტიული ჯგუფის კანონმდებლებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ „პენტაგონი აჭიანურებს რაკეტების მიწოდებას“. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ტვირთის გაგზავნის ბრძანებას ხელი არ მოაწერა.
მრავალი ევროპული ქვეყანა ელოდება აშშ-ის ნებართვას, რომ საკუთარი „პატრიოტის“ ტიპის რაკეტები გადასცენ, დასძინა მან და აღნიშნა, რომ მიაჩნია, თითქოს „გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული ჩვენი… მხარდაჭერის შესანელებლად“.
რუბიომ სამშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა სიმართლე იყოს ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის შეძენილი რაკეტების პარტია არ არის მიწოდებული, მაგრამ ჟურნალისტებს უთხრა: „ვფიქრობ, მთავარი დასკვნა თქვენთვის ისაა, რომ არ ყოფილა არანაირი მიზანმიმართული პოლიტიკური დირექტივა უკრაინის დასაზიანებლად“.
რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი „გაბრაზებულია, რადგან, პირველ რიგში, მას არ მოსწონს, როდესაც აბრალებენ იმას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის იმ ბრალდებებს, თითქოს სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტა მის მიერ იყო ბრძანებული. ეს სიმართლე არ არის. მან ეს არაერთხელ აღნიშნა“.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, პასუხობს იმ მინიშნებებს, თითქოს ის რაღაცას აკეთებს უკრაინის განზრახ დასაზიანებლად – რაც არც სამართლიანია და არც სიმართლე“, – დასძინა მან.
იტალიურ გაზეთთან რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ ვაშინგტონთან ურთიერთობები „პატიოსნებაზე, სამართლიანობაზე და, რაც მთავარია, გამჭვირვალობაზე“ დააფუძნა.
„როდესაც იტყუები მაშინ, როცა შენი ხალხი ომშია, ეს ძალიან მტკივნეულია. სწორედ ამიტომ მინდოდა ყოველთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის არაფერი დამემალა და არასდროს მომეტყუებინა“, – უთხრა ზელენსკიმ გაზეთს და დასძინა: „ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამერიკასთან ზუსტად ისეთივე ღია, გულწრფელი და პრაგმატული ურთიერთობები, როგორიც დღეს გვაქვს“.
„რუსები აგრძელებენ ომს. ამერიკა მათ ვერ აჩერებს“, – განაცხადა მან. „დავუშვათ, რომ ამერიკას მართლაც სურს, მაგრამ არ შეუძლია. მაშინ, როგორც პარტნიორი, მზად ვარ შუა გზაზე შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს: თუ ისინი გვირტყამენ და ჩვენ საპასუხო დარტყმას ვერ ვახორციელებთ – ეს არც პატიოსანია და არც სამართლიანი – მაგრამ თუ ეს გჭირდებათ, თუ პუტინის მოთოკვა არ შეგიძლიათ, მაშინ მოგვეცით ჩამჭრელი რაკეტები, რათა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დავიცვა.“

ტრამპისა და პუტინის სამიტი უკრაინის საკითხზე?

თითქმის ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევა ბოლო თვეებში შეფერხდა, რადგან ვაშინგტონი უფრო მეტად ირანთან მიმდინარე ომზეა ორიენტირებული.
ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა მომავალ თვეში ჩინეთში შეხვდეს პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მოლაპარაკებებისთვის, რომლებმაც შესაძლოა უკრაინის ომის განხილვაც მოიცვას.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ „ასეთი ჰიპოთეტური შეხვედრის თემა მართლაც იყო ნახსენები“.
უკრაინის საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ამ კვირაში განაცხადა, რომ  ნებისმიერი ასეთი შეხვედრა უკრაინის მონაწილეობის გარეშე „მხოლოდ წაახალისებს პუტინს, გააგრძელოს ეს ომი“.