სამშაბათს Google Cloud-ის ლონდონის მონაცემთა ცენტრში მომხდარმა შეფერხებამ ევროპის მასშტაბით მრავალი აპლიკაციისა და ონლაინსერვისის მუშაობა დაარღვია. პრობლემები შეექმნა ონლაინბანკ Revolut-საც. დღის შუა პერიოდში Google-მა განაცხადა, რომ სერვისების მუშაობა ძირითადად აღდგენილი იყო, თუმცა ცალკეული შეფერხებები კვლავ ფიქსირდებოდა.
გრინვიჩის დროით დაახლოებით 09:00 საათზე Google-მა ევროპულ რეგიონში – europe-west2 – Google Cloud-ის მუშაობასთან დაკავშირებული „მრავალი პრობლემის“ შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. შეფერხებები მანამდე დაახლოებით ორსაათნახევრით ადრე დაიწყო. აღნიშნული რეგიონის მონაცემთა ცენტრი ლონდონში მდებარეობს.
მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ პრობლემები ელექტრომომარაგების სისტემაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.
დაახლოებით 14:00 საათზე Google-მა განაცხადა, რომ სერვისების უმეტესობის მუშაობა აღდგენის პროცესში იყო, თუმცა მომხმარებლებს პერიოდულად კვლავ შეიძლებოდა შეჰქმნოდათ სირთულეები. კომპანიის პრესსამსახურის განმარტებით, განცხადების გავრცელების მომენტში პრობლემები მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილს რჩებოდა.
ამ პერიოდში გადახდების განხორციელება გაუჭირდა Revolut-ის მრავალ მომხმარებელს დიდ ბრიტანეთში, მალტაში, გერმანიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში.
დიდ ბრიტანეთში დროებით მიუწვდომელი იყო ან შეფერხებით მუშაობდა Lloyds Bank-ისა და მის ჯგუფში შემავალი Halifax-ისა და Bank of Scotland-ის ონლაინსერვისები. პრობლემები შეექმნა HSBC-ს, საკურიერო კომპანია DPD-სა და სხვა კომპანიებსაც.
შეფერხდა სასამართლო სისტემის ვიდეოპლატფორმის მუშაობაც, რის გამოც ვიდეოკავშირით დაგეგმილი არაერთი სხდომა ჩაიშალა. საბანკო მომსახურების შეფერხებამ, თავის მხრივ, ამ ბანკების მომსახურებით მოსარგებლე ათასობით კომპანიის საქმიანობას შეუშალა ხელი.
გერმანიაში აპლიკაციაში შესვლის პრობლემებზე ING-ის მომხმარებლებიც მიუთითებდნენ.
შეფერხებების მონიტორინგის პლატფორმა DownDetector-ის მონაცემებით, სამშაბათს დილით სირთულეები ჰქონდათ DHL-ის მომხმარებლებს გერმანიაში, ხოლო Booking.com-ის მომხმარებლებს – იტალიასა და ესპანეთში. ნიდერლანდებში შეფერხებით მუშაობდა საგადასახადო სამსახურის ვებგვერდი.
„ჩვენთვის ცნობილია სერვისის შეფერხების შესახებ, რომელიც აპლიკაციის გამოყენებაზე მოქმედებს. ჩვენი ტექნიკური გუნდი მუშაობს, რათა პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, – დაწერა Revolut-მა სოციალურ ქსელ X-ში მომხმარებლების საჩივრების პასუხად. ბანკს შეფერხების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ მომხმარებლების თანხები და პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ იყო. მიმდინარე შემოდგომაზე Revolut-ს მონაცემთა გაჟონვის ორი შემთხვევა ჰქონდა.
ღრუბლოვანი მომსახურების მიმწოდებლებთან წარმოქმნილი პრობლემები ხშირად ინტერნეტის სხვადასხვა სერვისის მუშაობაზეც აისახება.
მაგალითად, 2025 წლის ოქტომბერში Amazon Web Services-ის ამერიკულ რეგიონში, US-EAST-1-ში, DNS-ის მუშაობის პრობლემის გამო ათასზე მეტი ვებგვერდი და აპლიკაცია გახდა მიუწვდომელი. მათ შორის იყო Slack, Zoom, Roblox და Bank of Scotland.
ლონდონის europe-west2 მონაცემთა ცენტრში მასშტაბური შეფერხება 2022 წლის ივლისშიც მოხდა. BBC-ის ტექნოლოგიების კორესპონდენტი ჯო ტაიდი იხსენებს, რომ მაშინ Google-მა მიზეზად მძლავრი კომპიუტერების გაგრილების სისტემის დაზიანება დაასახელა. იმ პერიოდში დიდ ბრიტანეთში რეკორდული სიცხე იყო, ახლა კი ლონდონსა და მის შემოგარენში შემოდგომისთვის დამახასიათებელი გრილი ამინდია.
ტაიდის შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ციფრული სერვისების საიმედოობა იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამართულობაზეა დამოკიდებული, რომელზეც ისინი მუშაობს.
ოქტომბრის პირველ ნახევარში კომპანიებისა და დაწესებულებების ონლაინსერვისების მასშტაბური შეფერხებები რუსეთშიც დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, მათი მიზეზი კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრებზე უკრაინული დრონების დარტყმები გახდა.
წყარო: BBC