ხელოვნური ინტელექტის სექტორის აქციებმა ორშაბათს უოლ-სტრიტზე გასული კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ დანაკარგების ნაწილი აინაზღაურა. თუმცა ტექნოლოგიური კომპანიების გაძვირებას მთლიან ბაზარზე აღმავლობა არ მოჰყოლია – ამერიკული აქციების უმრავლესობა გაიაფდა, ევროპის ბირჟებზე კი დანაკარგები უფრო მნიშვნელოვანი იყო.

Associated Press-ის ცნობით, S&P 500-ის ინდექსი 0,4%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა დაასრულა. ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულმა Nasdaq Composite-მა 1,1% მოიმატა, ხოლო Dow Jones-მა ვაჭრობა 36 პუნქტის, ანუ 0,1%-ის კლებით დახურა.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში მასშტაბური ინვესტიციები ბოლო წლებში საფონდო ბაზრის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო. გასულ კვირას კი სექტორზე ზეწოლა დაფინანსების გაძვირებასთან დაკავშირებულმა შიშმა გააძლიერა.

AI-ის ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრებზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ნასესხები თანხით ფინანსდება. ამ ფონზე ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა კომპანიებისთვის სესხის აღებას აძვირებს და საინვესტიციო ბუმის გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

ორშაბათს Nvidia-ს აქციები 1,4%-ით გაძვირდა და S&P 500-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საბაზრო ღირებულებით უოლ-სტრიტის უმსხვილესი კომპანიის აქციების ცვლილება ამ ინდექსზე განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს.

SpaceX-ის აქციებმა, რომელიც xAI-ის ბიზნესს აკონტროლებს, 1,3%-ით მოიმატა და 147,96 დოლარს მიაღწია. კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ორშაბათს განაცხადა, რომ მომავალ წელს „ამერიკაში ყველა ბავშვს“ SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს. მანამდე Anthropic-მა გამოაცხადა, რომ აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების ფარგლებში აქციების 5%-ს საზოგადოებრივი სარგებლისთვის შექმნილ ახალ ფონდს გამოუყოფს.

მიუხედავად აღდგენისა, AI-ის სექტორში ფასების მკვეთრი რყევები გაგრძელდა. ამის მაგალითია CoreWeave, რომელიც ნასესხები თანხით ხელოვნური ინტელექტის ჩიპებს ყიდულობს და მომხმარებლებს მათზე წვდომას ღრუბლოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობს.

კომპანიის აქციები დილით თავდაპირველად 7%-ზე მეტით გაძვირდა, მოგვიანებით კი 3,5%-იან ვარდნაში გადავიდა. საბოლოოდ, სავაჭრო დღე 0,4%-ის კლებით დასრულდა. წინა კვირას CoreWeave-ის აქციებს ღირებულების 25,2% ჰქონდა დაკარგული.

ინვესტორები ახლა კომპანიების კვარტალურ ანგარიშებს ელოდებიან, რომლებმაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დანახარჯების მდგრადობაზე მეტი ინფორმაცია უნდა წარმოაჩინოს. ოთხშაბათს შედეგებს გამოაქვეყნებენ Meta Platforms და ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობებისა და მომსახურების მიმწოდებელი Lam Research.

კორპორაციული მოგების მიმართ მოლოდინი მაღალია. FactSet-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ S&P 500-ში შემავალი კომპანიების ზაფხულის კვარტლის ჯამური მოგება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29%-ით გაიზრდება. სწორედ ასეთი მოლოდინი ეხმარებოდა ამერიკულ ბაზარს რეკორდული ნიშნულების მიღწევაში, ომის, მაღალი ინფლაციისა და ობლიგაციების ბაზრიდან მომდინარე ზეწოლის მიუხედავად.

ფოლადის მწარმოებელ Cleveland-Cliffs-ის აქციებმა 16,3%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი კვარტალური მოგება გამოაცხადა. აღმასრულებელი დირექტორის, ლორენსო გონსალვესის განცხადებით, ეს კომპანიისთვის ბოლო სამი წლის საუკეთესო კვარტალი იყო, ხოლო 2027 წლის მოგების პერსპექტივა სამი თვის წინანდელ შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სავაჭრო დღის ბოლოს S&P 500 გაიზარდა 31,29 პუნქტით და 7 690,73-ს მიაღწია. Dow Jones 36,38 პუნქტით, 51 966,03-მდე შემცირდა, Nasdaq Composite კი 290,85 პუნქტით გაიზარდა და 26 430,89 შეადგინა.

ევროპაში აქციები გაიაფდა, ობლიგაციების შემოსავლიანობა კი გაიზარდა

ხელოვნური ინტელექტის სექტორის აღდგენამ სამხრეთ კორეის Kospi-ის ინდექსსაც შეუწყო ხელი, რომელმაც 1,8%-ით მოიმატა და გასული კვირის 14,5%-იანი ვარდნის ნაწილი აინაზღაურა. ინდექსში დიდი წონა აქვთ Samsung Electronics-სა და SK Hynix-ს, რის გამოც AI-ის სექტორის რყევები მასზე განსაკუთრებით ძლიერ აისახება.

ევროპაში ძირითადი საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით შემცირდა. ინვესტორების შეშფოთება საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და სკოლებში არსებული არასათანადო პირობების წინააღმდეგ გამართულმა ძალადობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა გააძლიერა.

ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ უკმაყოფილების შესამცირებლად მთავრობას ხარჯების გაზრდა მოუწევს, რაც ისედაც დაძაბულ ბიუჯეტსა და სახელმწიფო ვალზე დამატებით ზეწოლას შექმნის.

საფრანგეთის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა უფრო მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე გერმანიისა, რომლის ფასიან ქაღალდებსაც ინვესტორები ტრადიციულად შედარებით უსაფრთხო აქტივად მიიჩნევენ.

აშშ-ში ათწლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა პარასკევის მიწურულის 5,09%-დან 5,14%-მდე გაიზარდა. თვის დასაწყისში მაჩვენებელმა 5,30%-საც გადააჭარბა და 2002 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.

არასტაბილურობა ნავთობის ბაზარზეც შენარჩუნდა. Brent-ის ფასი დღის განმავლობაში ბარელზე 107-დან 110 დოლარამდე მერყეობდა და საბოლოოდ 0,3%-ით შემცირდა – 109,55 დოლარამდე.

მიმდინარე თვეში Brent-ის ღირებულება 97–110 დოლარის დიაპაზონში იცვლება. გაურკვევლობას ირანთან ომი და ენერგეტიკული სექტორის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების ვადები განაპირობებს.