სამი ათწლეულის განმავლობაში ისრაელისა და ეგვიპტის ურთიერთობას ომები განსაზღვრავდა. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ქვეყნები ოთხ დიდ ომში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამას დაემატა „გამოფიტვის ომი“ – საარტილერიო დაპირისპირება სუეცის არხის გასწვრივ.
თუმცა 1970-იანი წლების მიწურულს გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც მანამდე თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა: ორ მოწინააღმდეგეს ერთმანეთის არსებობა უნდა ეღიარებინა და ტერიტორიის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ინტერესების შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია.
ამ პროცესში ცენტრალური როლი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა შეასრულა. 1977 წელს თანამდებობის დაკავებისთანავე მან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია. კარტერი დროსა და პოლიტიკურ რესურსს ხარჯავდა, რათა ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი მენახემ ბეგინი შეთანხმებამდე მიეყვანა.
1978 წლის ზაფხულში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოსავლის ძიებაში კარტერმა ორივე ლიდერი კემპ-დევიდში, მერილენდის შტატში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიიწვია. თითქმის ორი კვირის განმავლობაში იქ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებმაც ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობა შეცვალა, თუმცა ახლო აღმოსავლეთს ყოვლისმომცველი მშვიდობა ვერ მოუტანა.
რატომ გაუჩნდათ მოწინააღმდეგეებს შეთანხმების ინტერესი
თავდაპირველად კარტერი უფრო ფართო სამშვიდობო პროცესს გეგმავდა. მას მოლაპარაკებებში იორდანიის, სირიისა და პალესტინელების ჩართვა სურდა. პროცესში მონაწილეობა საბჭოთა კავშირსაც უნდა მიეღო.
ისტორიკოს კრეიგ დეიგლის განმარტებით, კარტერისთვის ყოვლისმომცველი შეთანხმება მხოლოდ მორალური მიზანი არ ყოფილა. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ის ამერიკულ-საბჭოთა ურთიერთობებს გააუმჯობესებდა და არაბულ სამყაროში შეერთებული შტატების პოზიციებს გააძლიერებდა.
მალე გამოიკვეთა, რომ ეგვიპტესა და ისრაელს უშუალოდ ერთმანეთთან მოლაპარაკება ერჩივნათ. კარტერმაც თავისი მიდგომა ამ რეალობას მოარგო.
ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის მკვლევრისა და ეგვიპტესა და ისრაელში აშშ-ის ყოფილი ელჩის, დენიელ კურცერის შეფასებით, კარტერის ერთ-ერთი მიღწევა სწორედ მოქნილობა იყო – მან მხარი დაუჭირა პროცესს, რომელიც არსებითად ორმხრივ ფორმატში ვითარდებოდა.
ფსიქოლოგიური გარდატეხა 1977 წლის ნოემბერში მოხდა. ანვარ სადათი ისრაელს ეწვია და გახდა პირველი არაბი ლიდერი, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. მან იერუსალიმი მოინახულა და ისრაელის პარლამენტს მიმართა:
„თქვენ გსურთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენთან ერთად იცხოვროთ. გულწრფელად გეუბნებით: ჩვენ მივესალმებით თქვენ ჩვენ შორის, სრული უსაფრთხოების პირობებში“.
საპასუხოდ მენახემ ბეგინი ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში ჩავიდა, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო.
ისტორიული მტრობის მიუხედავად, ორ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესებიც ჰქონდა. დეიგლის განმარტებით, ორივე მათგანი ისლამური რადიკალიზმის გაძლიერებას ეწინააღმდეგებოდა, რეგიონში საბჭოთა ჩარევის თავიდან აცილება სურდა და ამერიკულ შეიარაღებასა და ფინანსურ დახმარებას ესწრაფოდა.
ორივე ლიდერი საკუთარ ქვეყანას მტრული გარემოცვის ნაწილად აღიქვამდა. ისრაელის არსებობას მის გარშემო მდებარე არცერთი არაბული სახელმწიფო არ აღიარებდა. სადათს კი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მხრიდან ხელისუფლებიდან ჩამოშორების მცდელობებთან გამკლავება უწევდა.
ეგვიპტის პრეზიდენტს აშფოთებდა ეთიოპიაში მომხდარი რევოლუციის შესაძლო გავლენაც მეზობელ სუდანზე. იქ მტრული ხელისუფლების მოსვლას, მისი გათვლით, შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა ნილოსის წყლის მიწოდებისთვის – რესურსისთვის, რომელზეც ეგვიპტის ეკონომიკა იყო დამოკიდებული.
კემპ-დევიდი – პოლიტიკური რისკი კარტერისთვის
სადათის ისტორიულ ვიზიტს დიდი მოლოდინი მოჰყვა, თუმცა მოლაპარაკებები სწრაფად ვერ წაიწია წინ. მხარეებს განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ: ისრაელის დელეგაცია სამართლებრივ ფორმულირებებსა და დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას, ეგვიპტის წარმომადგენლები კი საერთო პოლიტიკურ სურათზე იყვნენ ორიენტირებული.
ვითარება კიდევ უფრო გაართულა ისრაელის სანაპირო მაგისტრალზე განხორციელებულმა ტერაქტმა და მის შემდეგ ისრაელის ძალების სისხლიანმა შეჭრამ სამხრეთ ლიბანში, სადაც პალესტინელ შეიარაღებულ დაჯგუფებებს საყრდენი პოზიციები ჰქონდათ.
კარტერი მოლაპარაკებების ჩაშლის თავიდან აცილებას ცდილობდა. საბოლოოდ, მეუღლის, როზალინის რჩევით, მან სადათისა და ბეგინის კემპ-დევიდში მიწვევა გადაწყვიტა. პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ განმარტოებული, მშვიდი გარემო დაპირისპირების სიმწვავეს შეამცირებდა.
ეს გადაწყვეტილება სერიოზულ პოლიტიკურ რისკს შეიცავდა. ინფლაციის, უმუშევრობისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდა კარტერის პოპულარობაზე უარყოფითად აისახებოდა. მისი მრჩევლები შიშობდნენ, რომ სამიტის მარცხი პრეზიდენტის სისუსტედ აღიქმებოდა.
ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილიც აფრთხილებდა: წარუმატებლობა მათ, როგორც ქვეყნის ლიდერების, ავტორიტეტს შეარყევდა.
მიუხედავად ამისა, კარტერმა შეხვედრა 1978 წლის 5 სექტემბრისთვის დანიშნა.
13 დღე – მოლაპარაკებები არაერთხელ აღმოჩნდა ჩაშლის ზღვარზე
სამიტის დასაწყისშივე ნათელი გახდა, რამდენად რთული იქნებოდა შეთანხმება. სადათი და ბეგინი ერთმანეთს წარსულის წყენებს ახსენებდნენ. განსხვავებული ხასიათი და პოლიტიკური გამოცდილება მათ შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
კურცერის თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ ლიდერებს ერთმანეთთან საუბარი პრაქტიკულად აღარ სურდათ.
ბეგინის კონსერვატიული პარტია „ლიკუდი“ ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა ტერიტორიის მშვიდობის სანაცვლოდ დათმობას. გავრცელებული ცნობებით, თავად ბეგინი სიტყვა „პალესტინელის“ გამოყენებასაც ერიდებოდა, ხოლო დასავლეთ სანაპიროს ბიბლიური სახელებით – იუდეითა და სამარიით – მოიხსენიებდა.
მოლაპარაკებები რამდენჯერმე ჩაშლის ზღვარზე აღმოჩნდა.
კარტერი მიხვდა, რომ ლიდერები დამოუკიდებლად შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. მან უფრო აქტიური შუამავლის როლი აიღო და ამერიკული სამშვიდობო წინადადება მოამზადა, რომლის ტექსტიც არაერთხელ გადამუშავდა.
პრეზიდენტი ზეწოლასაც მიმართავდა: მხარეებს აფრთხილებდა, რომ საფრთხის ქვეშ შეიძლებოდა დამდგარიყო ამერიკული დახმარება და მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ორივე ქვეყანას სჭირდებოდა.
ერთ-ერთი გასვლისას კარტერმა სადათი და ბეგინი გეტისბერგის ბრძოლის ადგილას წაიყვანა. ამერიკის სამოქალაქო ომის ამ სისხლიან ეპიზოდთან შეხება მოლაპარაკებების წარუმატებლობის შესაძლო ფასზე ირიბი მინიშნება იყო.
ძირითადად კი პრეზიდენტი ეგვიპტისა და ისრაელის დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებოდა. თავად აკეთებდა ვრცელ ჩანაწერებს, ერთი ჯგუფიდან მეორესთან გადადიოდა და ხშირად გვიან ღამემდე მუშაობდა.
კარტერი ცდილობდა, საკითხების დიდი ნაწილი მრჩევლებთან შეეთანხმებინა და სადათისა და ბეგინისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებები წარედგინა. ამ გზით ის უშუალო დაპირისპირების შესაძლებლობას ამცირებდა.
სამიტი დაგეგმილზე გაცილებით მეტხანს – 13 დღეს – გაგრძელდა. ამ პერიოდში კარტერმა სხვა საპრეზიდენტო საქმეები გვერდზე გადადო და ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებზე მიმართა.
1978 წლის 17 სექტემბერს მუშაობამ შედეგი გამოიღო: თეთრ სახლში ორ ჩარჩო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
პირველი ითვალისწინებდა ისრაელის გასვლას სინაის ნახევარკუნძულიდან, რომელიც მან ეგვიპტეს 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს წაართვა. სანაცვლოდ ქვეყნებს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა დაემყარებინათ.
მეორე დოკუმენტი უფრო ზოგადი ფორმულირებებით იყო შედგენილი. ის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელთა თვითმმართველი ორგანოს შექმნასა და „პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლებების“ აღიარებას ითვალისწინებდა.
შეთანხმებიდან სამშვიდობო ხელშეკრულებამდე
კემპ-დევიდის შეთანხმებებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. სადათმა და ბეგინმა 1978 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გაინაწილეს. კარტერმა იგივე ჯილდო მოგვიანებით, 2002 წელს მიიღო.
თუმცა ჩარჩო დოკუმენტების ხელმოწერა ყველა უთანხმოების დასრულებას არ ნიშნავდა. შემდგომი მოლაპარაკებებიც რთული აღმოჩნდა. დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად კარტერი 1979 წლის მარტში ორივე ქვეყანას ეწვია. ზოგიერთი სასაზღვრო დავის გადაწყვეტას კი საერთაშორისო არბიტრაჟის ფარგლებში წლები დასჭირდა.
საბოლოოდ, 1979 წლის 26 მარტს ეგვიპტემ და ისრაელმა ოფიციალურ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
კარტერმა მაშინ განაცხადა, რომ ისტორიას უნდა აღენიშნა: ღრმა და ხანგრძლივი მტრობის დასრულება სისხლისღვრისა და ადამიანთა სიცოცხლის უზარმაზარი დანაკარგის გარეშეც შესაძლებელია.
სამშვიდობო ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა შეერთებული შტატების მიერ ორივე ქვეყნისთვის გაწეული მილიარდობით დოლარის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება.
მწერალი ლოურენს რაიტი წიგნში „სექტემბრის ცამეტი დღე: მშვიდობისთვის ბრძოლის დრამატული ისტორია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კარტერის შეუპოვრობას. მისი შეფასებით, ეგვიპტე და ისრაელი სანდო მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე მშვიდობას ვერ მიაღწევდნენ.
რა დარჩა მშვიდობის მიღმა
კემპ-დევიდის მთავარი შეზღუდვა პალესტინელთა საკითხი აღმოჩნდა. თავად პალესტინელები სამიტში არ მონაწილეობდნენ, მათი პოლიტიკური მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები კი სხვებმა განიხილეს.
დეიგლის შეფასებით, კარტერის კეთილი განზრახვის მიუხედავად, მისმა პოლიტიკამ და კემპ-დევიდის შეთანხმებების მხარდაჭერამ პალესტინელთა ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანა. ისტორიკოსი მიუთითებს, რომ კარტერს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის მხარი არ დაუჭერია.
ბეგინმა სინაიში ისრაელის დასახლებების დემონტაჟს უხალისოდ დათანხმდა, მაგრამ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში იგივე ნაბიჯი არ გადადგა. პირიქით, იქ დასახლებების მშენებლობას ხელს უწყობდა, რაც პალესტინელებთან შემდგომი შეთანხმების მიღწევას ართულებდა.
სადათისთვის ისრაელთან დაახლოებას მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვა. არაბული სამყაროს დიდმა ნაწილმა იგი გარიყა. 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი ისლამისტმა მებრძოლებმა მოკლეს.
კარტერმა კი 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა.
ამ სამი ლიდერის მიერ მიღწეულმა შეთანხმებამ ეგვიპტესა და ისრაელს შორის ომების ციკლი შეწყვიტა, თუმცა რეგიონული კონფლიქტის ძირითადი საკითხები სრულად ვერ გადაჭრა. სწორედ ამ ორმაგი შედეგით დარჩა კემპ-დევიდი ისტორიაში: როგორც შეზღუდული, დაუსრულებელი მშვიდობა და, ამავე დროს, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური მიღწევა.
წყარო: HISTORY