თურქეთში, უძველესი ქალაქ ტროას ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა ახალი მტკიცებულებები გამოავლინა, რომლებიც ქალაქის დაცემის შემდგომ ისტორიაზე არსებულ წარმოდგენებს ცვლის. მეცნიერებმა დაახლოებით 2 800 წლის წინანდელი აგორა – საზოგადოებრივი თავშეყრისა და სავაჭრო სივრცე – აღმოაჩინეს.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ტროა, რომლის დაცემაც ჰომეროსის ეპიკურ პოემებშია აღწერილი, ომის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული არ ყოფილა. ახალი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ქალაქში მოსახლეობა მისი განადგურებიდან დაახლოებით 80-90 წლის შემდეგ დაბრუნდა.
უძველესი ტროა თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჰისარლიქის ბორცვზე მდებარეობს. აქ არქეოლოგიურ კვლევებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და ჩანაქალეს ონსექიზ მარტის უნივერსიტეტი 2014 წლიდან ერთობლივად აწარმოებენ.
სწორედ ამ გათხრების ფარგლებში გამოვლინდა ქალაქის ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილი უძველესი აგორის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით 2 800 წლით თარიღდება.
ტროა ომის შემდეგ არ გაუკაცრიელებულა?
აქამდე გავრცელებული ისტორიული მოსაზრების თანახმად, ტროა მისი დაცემის შემდეგ, რომელსაც ტრადიციულად ძვ. წ. 1184 წლით ათარიღებენ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიტოვებული იყო.
მიიჩნეოდა, რომ ქალაქში ახალი მოსახლეობა მხოლოდ ძვ. წ. VIII საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე ბერძენი ეოლიელები დასახლდნენ და მას ილიონი უწოდეს.
თუმცა ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.
აგორის ნაშთებთან ერთად მკვლევრებმა აღმოაჩინეს სამხრეთის კარიბჭისკენ მიმავალი მოკირწყლული გზა და რკინის ხანის კერამიკული ნივთები. სპეციალისტების შეფასებით, ეს მასალები მიუთითებს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრება გაცილებით ადრე განახლდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
გათხრების ხელმძღვანელის მოადგილის, რეიჰან ქორფეს განცხადებით, ახალი მოსახლეები ტროას დაცემიდან დაახლოებით 80-90 წლის შემდეგ მივიდნენ და ძველი ქალაქის კედლები საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გამოიყენეს.
ტროას აღმოჩენის ისტორია
ტროა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლია. ქალაქი, რომელიც ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაში“ არის მოხსენიებული, საუკუნეების განმავლობაში მითებისა და ისტორიული კვლევების ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
უძველესი ქალაქის სისტემური არქეოლოგიური შესწავლა დაახლოებით 1870 წელს დაიწყო, როდესაც გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ჰომეროსის პოემებზე დაყრდნობით გათხრები წამოიწყო.
არქეოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ტროას ტერიტორიაზე სხვადასხვა ეპოქაში არაერთი დასახლება არსებობდა. ძეგლის ისტორია ტრადიციულად ცხრა ძირითად არქეოლოგიურ ფენად იყოფა — ტროა I-დან ტროა IX-მდე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტროა VI-ის პერიოდს, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1700-1300 წლებით თარიღდება და ქალაქის აყვავების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევა.
ახალი გათხრების არეალი სწორედ ამ პერიოდის საზოგადოებრივ სივრცეს უკავშირდება, თუმცა აღმოჩენილი აგორის ნაშთები უფრო გვიანდელია.
1998 წელს ტროას არქეოლოგიური კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
აღმოჩენა, რომელიც ტროას ისტორიას ახალ შუქზე წარმოაჩენს
ახალი კვლევის მნიშვნელობა მხოლოდ უძველესი საზოგადოებრივი მოედნის აღმოჩენით არ შემოიფარგლება.
არქეოლოგიური მასალები მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო დეტალურად შეისწავლონ, როგორ იცვლებოდა ქალაქი ბრინჯაოს ხანის დასასრულისა და რკინის ხანის დასაწყისში.
თუ შემდგომი კვლევები დაადასტურებს, რომ ტროაში მოსახლეობა მისი განადგურებიდან რამდენიმე ათწლეულში დაბრუნდა, ეს ქალაქის განვითარების ისტორიის გადახედვის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.
წყარო: euronews