23 ოქტომბერს, ტყვეთა მორიგი გაცვლის ფარგლებში, უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 270 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის ცხრა სამოქალაქო პირი. გათავისუფლებულთა შორის ხუთი ადამიანია, რომლებსაც 2022 წლის ივლისში ოლენივკაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულად მიიჩნევდნენ.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებენ.
ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულთა უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი მარიუპოლს იცავდა.
უკრაინაში დაბრუნდნენ ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის, საზღვაო, სახმელეთო და სადესანტო-საიერიშო ძალების სამხედროები, ასევე სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები.
გათავისუფლებულთა შორის არიან დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კიევის, მიკოლაივისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე მებრძოლი სამხედროებიც.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბევრ მათგანს რუსეთში უკანონოდ გამოუტანეს განაჩენი.
ცნობისთვის, წინა გაცვლა აგვისტოში გაიმართა. მაშინ უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 103 სამხედრო დაიბრუნა.
წყარო: Українська правда.