რუმინეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემი Khoryv ჩაიძირა, რომელსაც უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურები გადაჰყავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება, ცხრა კი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს. Reuters-ის ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ გემს დრონი მოხვდა და მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.
რუმინეთის საზღვაო უწყების ცნობით, კომორის კუნძულების დროშით მცურავმა გემმა განგაშის სიგნალი კონსტანცის პორტიდან 13 საზღვაო მილის დაშორებით გაგზავნა. ის რუმინეთის ტერიტორიული წყლების გარეთ, საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.
ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იყო – უკრაინის ათი და აზერბაიჯანის სამი მოქალაქე.
რუმინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს გადაბრუნებული გემის კორპუსის ნაწილი, რომელიც წყლის ზედაპირზეა დარჩენილი. სამაშველო ჯგუფები დაკარგულებს ძლიერი ქარისა და ღელვის პირობებში ეძებენ.
„ეს უკრაინაში რუსეთის ომის ესკალაციის პროცესის ნაწილია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკუშორ დანმა.
მომხდარს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა. მან შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
„ეს უგუნური თავდასხმები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ღიად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან დაღუპული მეზღვაურის ოჯახს მიუსამძიმრა და სამაშველო ჯგუფებს მადლობა გადაუხადა.
Reuters-ის ცნობით, ბოლო ორ კვირაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სულ მცირე შვიდ სავაჭრო გემზე მოხდა თავდასხმა. დაახლოებით 30 მეზღვაური დაღუპულად ან დაკარგულად არის გამოცხადებული.
ნატომ სამშაბათს განაცხადა, რომ შავ ზღვაში დამატებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს, სარადარო სისტემებსა და დრონებს გაგზავნის. უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთი ალიანსს კომერციული ნაოსნობის დასაცავად უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
ბოლო თავდასხმების სამიზნე გემები სულინის არხთან იდგნენ ან მისკენ მიემართებოდნენ. არხი დუნაის შავ ზღვასთან აკავშირებს და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.