Galt & Taggart-მა ტურიზმის 2026 წლის მესამე კვარტლის შედეგების შესახებ განახლებული პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი შეადგინა, საიდანაც 2.1 მილიონი ტურისტული ვიზიტი იყო — ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ვიზიტების დინამიკა

მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა 2.8%-ით შემცირდა და 500 ათასი შეადგინა.

ვიზიტების ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების მატებამ განაპირობა. ევროკავშირიდან ვიზიტები წლიურად 16.6%-ით, რუსეთიდან 4.7%-ით, ხოლო აზერბაიჯანიდან 36.2%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანის შემთხვევაში, ზრდის ტემპი მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა.

ისრაელიდან ვიზიტების რაოდენობა 19.1%-ით გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ეს ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ფონზე ტურისტული შეფერხებების შემცირებასა და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. ჩინეთიდან ვიზიტები 30.2%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

მეორე მხრივ, ვიზიტების კლება დაფიქსირდა თურქეთიდან, სომხეთიდან და ინდოეთიდან. თურქეთიდან ვიზიტები წლიურად 7.4%-ით, სომხეთიდან 4%-ით, ხოლო ინდოეთიდან 25.9%-ით შემცირდა. თურქეთის შემთხვევაში, კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებას უკავშირდება, ინდოეთიდან კი ვიზიტორების ნაკადზე გავლენა IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტამ მოახდინა.

სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც. კერძოდ, საუდის არაბეთიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტების საერთო რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მილიონი შეადგინა. ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიონს მიაღწია, ერთდღიანი ვიზიტები კი 9%-ით შემცირდა და 900 ათასი შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან

Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთმა, ევროკავშირმა, ისრაელმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. რუსეთიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 32.3%-ით, ევროკავშირიდან 30.2%-ით, ისრაელიდან 24.8%-ით, უკრაინიდან 52.5%-ით, ხოლო აზერბაიჯანიდან 18.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან — 31.9%-ით, ხოლო თურქეთიდან — 11.5%-ით.

ჯამურად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.