საფრანგეთის ქალაქებში, ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა საჯარო შეკრებები სრულად ან ნაწილობრივ აიკრძალა .24 ოქტომბერს აქციები და საჯარო შეკრებები აიკრძალა ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებში – მარსელსა და ლიონში. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს. ხალხის შეკრება დასაშვებია, თუმცა პროტესტის ჩატარება ნებადართული არ არის ნიცაში, ნანტში, რეიმსში, ნანსში, ტულონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში. პროტესტის გამოხატვა კი ნაწილობრივ დასაშვები იქნება დედაქალაქ პარიზში, ლილში, სტრასბურგსა და რამდენიმე ქალაქში. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ულტრამემარცხენე ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო. ამასთან, მისი განცხადებით, აუცილებელია სიფრთხილე, რადგან არეულობით, შესაძლოა, კრიმინალურმა ჯგუფებმაც ისარგებლონ. კითხვაზე, ეკისრება თუ არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პოლიციის დაგვიანებულ რეაგირებაზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს ეკისრებათ. ცნობისთვის, დღეისთვის საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში აქციებია დაანონსებული. მედიის ცნობით, დედაქალაქში იმაზე მეტი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული, ვიდრე 17 ოქტომბრის აქციებისას.