საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული სარჩელი, მისი შეფასებით, არა ხუთი ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. ოპოზიციური პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ კი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ფორმალურად ხუთ ორგანიზაციად არიან დაყოფილი, თუმცა, მისი შეფასებით, სინამდვილეში ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმს წარმოადგენენ.
„სინამდვილეში, ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული სისტემის გასაჯანსაღებლად და იმ ჩაკეტილი წრის დასაძლევად, რომელშიც, მისი შეფასებით, ქვეყანა წლების განმავლობაში იმყოფება.
კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის პირველი ნაწილი საინტერესოდ წარიმართა. მან ოპოზიცია განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი შუამდგომლობები წარმატების პერსპექტივას მოკლებული იყო. პრემიერის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გაკეთებული ზოგიერთი განცხადება ხელისუფლების პოზიციას ამყარებს.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სასამართლოს შენობასთან მხარდამჭერების მობილიზება ვერ შეძლო. მისი შეფასებით, ეს იმედგაცრუებას უკავშირდება, რომელიც ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველში გამოიწვია. პრემიერმა ოპოზიციურ ძალებს ამომრჩევლისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატშიც დასდო ბრალი.
კობახიძის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას რეპლიკა იყო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მის სიტყვებზე – „ჩვენ ერთიანი ორგანიზმი ვართ“ და განაცხადა, რომ ეს ოპოზიციური პარტიების ერთიანობის შესახებ ხელისუფლების არგუმენტს ამყარებს.
„ლელო“ პროცესს პოლიტიზებულად აფასებს
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა პოლიტიზებული იყო და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებული იყო.
კუპრაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, აჩენს ეჭვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ არის განსაზღვრული.
„როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ძალიან ბევრ კითხვას პასუხობს და ნიშნავს ერთ რამეს: გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, განხილვის სამი დღის განმავლობაში „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, კონკრეტულად რა ბრალდება წარედგინება პარტიას. კუპრაძე მიიჩნევს, რომ პროცესში 2007-2009 წლების მოვლენების განხილვა შეუსაბამოა, რადგან პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა.
კუპრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობები, მათ შორის, ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გამოთხოვის, ვენეციის კომისიის ექსპერტების პროცესში ჩართვისა და წინა წელს შეტანილი სარჩელის განხილვის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული სარჩელი მიმდინარე პროცესის კონსტიტუციურობას ეხებოდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, განხილვის დაწყებამდე ორი მოსამართლის ჩანაცვლებამ და პროცესის დაჩქარებამ გააჩინა კითხვები ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით. კუპრაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანისა და წარმომადგენლობის შესაძლებლობა შეუზღუდოს.
კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს. მისი თქმით, პარტია იმ მექანიზმების შექმნაზე იმუშავებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური წარმომადგენლობისა და არჩევანის შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. მან ასევე დააანონსა პარტიის მონაწილეობა შაბათის მარშში, რომლის მიზნადაც ერთპარტიული მმართველობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.