ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში გართულებულმა ნაოსნობამ ნავთობის გლობალურ ბაზარზე დამატებითი ზეწოლა შექმნა. ირანისა და ჰუსიტების თავდასხმები საზღვაო გადაზიდვებს საფრთხეს უქმნის, ექსპორტიორი ქვეყნები კი ნავთობის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას ცდილობენ.

აშშ-სა და ირანს შორის ომმა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. კონფლიქტმა შეაფერხა ნავთობის ტრანსპორტირება ორი სტრატეგიული საზღვაო დერეფნის – სპარსეთის ყურიდან ინდოეთის ოკეანისკენ მიმავალი ჰორმუზის სრუტისა და წითელ ზღვასა და ადენის ყურეს შორის მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით.

საზღვაო გადაზიდვების შეფერხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობის იმპორტიორი ქვეყნებისთვის, რადგან ამ მარშრუტებზე შექმნილი პრობლემები მიწოდებას ამცირებს და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის რისკს აძლიერებს. CNN-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე მაღლა შენარჩუნდა.

ჰორმუზის სრუტე – ნავთობის გლობალური მიწოდების ერთ-ერთი მთავარი არტერია

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ოკეანესთან აკავშირებს და ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ამ დერეფანში ნაოსნობის შეფერხება გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეგიონის ექსპორტიორებზე, არამედ აზიისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების ენერგომომარაგებაზეც.

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ორგანიზაციის (UKMTO) მონაცემებით, სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ან მის სიახლოვეს გემებზე თავდასხმის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ოქტომბრის შუა რიცხვებში ცალკეული ინციდენტების შედეგად ორი სატვირთო გემი ჩაიძირა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის მიერ თავდასხმების გააქტიურება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სრუტიდან ნავთობის გარკვეული მოცულობის გატანა მაინც მოხერხდა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობენ ისეთი ოპერაციების მხარდაჭერით, რომელთა დროსაც ტანკერები ავტომატურ საიდენტიფიკაციო გადამცემებს თიშავენ და ნავთობს ომანის ყურეში მყოფ სხვა გემებს გადასცემენ. ამავდროულად, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანისთვის საკუთარი ტანკერების გადაადგილებას ართულებს.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე – მეორე საფრთხე მსოფლიო ნავთობის ბაზრისთვის

ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაზარდა ბაბ-ელ-მანდების სრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს საზღვაო დერეფანი წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის საზღვაო ვაჭრობაში.

სრუტეში გადაზიდვებს საფრთხეს უქმნიან იემენელი ჰუსიტი მებრძოლები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. გემებზე თავდასხმები ჯერ კიდევ 2023 წელს, ღაზის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, ხოლო ბოლო პერიოდში ვითარება კვლავ გამწვავდა.

სექტემბრის ბოლოს ჰუსიტებმა წითელი ზღვის სანაპიროზე კონტროლი სტრატეგიულ კუნძულ პერიმამდეც გააფართოეს, თუმცა მოგვიანებით იემენის სამთავრობო ძალებმა ისინი უკან დაახევინეს.

კონფლიქტი მხოლოდ საზღვაო თავდასხმებით აღარ შემოიფარგლება. საუდის არაბეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის დაპირისპირებაც გამწვავდა. ჰუსიტებმა ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მოძრავ საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს შეუტიეს. ბოლო პერიოდში კი რიადის მთავარ საერთაშორისო აეროპორტზეც განხორციელდა სასიკვდილო თავდასხმები.

საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ გზებს იყენებს

ბაბ-ელ-მანდების სრუტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა გართულდა.

ენერგეტიკული კვლევითი კომპანია Energy Aspects-ის თანადამფუძნებლის, რიჩარდ ბრონზის შეფასებით, გარკვეულ პერიოდში საუდის არაბეთის წითელი ზღვის პორტ იანბუდან დღეში დაახლოებით 4.5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა. ამ მოცულობის დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით გადიოდა.

ბრონზის თქმით, ჰუსიტების მხრიდან საფრთხის გაძლიერების შემდეგ ეს ნაკადები მკვეთრად შემცირდა.

საუდის არაბეთმა ექსპორტის მარშრუტების შეცვლა სცადა. ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი, რომელსაც ნედლი ნავთობი წითელი ზღვის პორტებისკენ გადააქვს.

სექტემბერში ამ ინფრასტრუქტურას ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული დრონებით შეუტიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმაში ირანის შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდება კატეგორიულად უარყო.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ნავთობსადენის მუშაობა აღდგენილია. ამასთან, საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის ნაწილის ჰორმუზის სრუტის გავლით განხორციელებაც გააძლიერა აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით მიმდინარე გადაზიდვების ოპერაციის ფარგლებში.

აზიის ქვეყნები ნავთობის მოხმარებას ამცირებენ

საუდის არაბეთის ნავთობის უმსხვილესი მყიდველები აზიის ქვეყნები არიან. სწორედ მათზე აისახა კრიზისის შედეგები განსაკუთრებით მძიმედ.

მიწოდების შეფერხებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის საპასუხოდ, აზიის რამდენიმე ქვეყანამ ნავთობის მოხმარების შემცირების ზომები მიიღო. ჩინეთმა კი სტრატეგიული რეზერვების გამოყენებითა და იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით სცადა გარე მიწოდებაზე დამოკიდებულების შემსუბუქება.

ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ნავთობის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ჯერ კიდევ ასაშენებელი მილსადენების გამოყენებას.

Kpler-ის ნედლი ნავთობის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, იოჰანეს რაუბალის შეფასებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტად შეეცდებიან სხვა ქვეყნები ირანის მიერ კონტროლირებადი ან საფრთხის ქვეშ მოქცეული საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლას. მისი თქმით, ალტერნატიული გზების შექმნამ შესაძლოა დროთა განმავლობაში ირანის გავლენა შეამციროს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კრიზისს?

ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხება მხოლოდ ენერგეტიკულ ბაზარს არ ეხება. საზღვაო გადაზიდვების გაძვირება და მიწოდების ვადების გახანგრძლივება ზრდის საწარმოო და სატრანსპორტო ხარჯებს, რაც საბოლოოდ სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც შეიძლება აისახოს.

თუ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში საფრთხეები ერთდროულად შენარჩუნდება, ნავთობის ბაზარზე მიწოდების დეფიციტის რისკი გაიზრდება. ასეთ ვითარებაში იმპორტიორი ქვეყნები იძულებული გახდებიან, მეტი ყურადღება დაუთმონ სტრატეგიულ რეზერვებს, ენერგიის მოხმარების შემცირებასა და ალტერნატიული მომარაგების გზების განვითარებას.

კრიზისის ერთ-ერთი გრძელვადიანი შედეგი შესაძლოა ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების დაჩქარება გახდეს. კვლევითი ორგანიზაცია Bruegel-ის უფროსი მკვლევრის, გეორგ ცახმანის შეფასებით, ნავთობის იმპორტიორმა ქვეყნებმა სტრუქტურულად უნდა შეამცირონ ნავთობის მოხმარება, რათა ნაკლებად მოწყვლადები იყვნენ გარე შოკების მიმართ.

წყარო: CNN