საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. სასამართლომ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი შუამდგომლობაზე პოზიციას დღეს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.
სარჩელი პარლამენტის 88 დეპუტატმა შეიტანა. ისინი სასამართლოსგან ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასამართლოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.