ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 95,3%-ის დათვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტ ილიანა იოტოვას ხმების 34,6% აქვს, ხოლო პროდასავლური შეხედულებებით ცნობილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი გიუროვს – 32%. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 22,2% შეადგინა. მეორე ტური, სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიმართება.

უკრაინის ომის გავლენა საარჩევნო კამპანიაზე

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ოქტომბერში შავი ზღვის ბულგარულ სანაპიროსთან ოთხი სავაჭრო გემი, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა. სოფიის მახლობლად კი ხანძრის შედეგად დაზიანდა Starlink-ის სადგური.

ინციდენტებს იოტოვა და რუმენ რადევის ხელმძღვანელობით მოქმედი ბულგარეთის მთავრობა თავშეკავებულად გამოეხმაურნენ. მათ მომხდარს მკაფიო შეფასება არ მისცეს და პასუხისმგებელი პირები არ დაუსახელებიათ. DW-ის ცნობით, ამ საკითხებმა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზეც იმოქმედა.

კამპანიის საწყის ეტაპზე იშვიათად იმართებოდა წინასაარჩევნო მიტინგები, არ ჩატარებულა სატელევიზიო დებატები, ხოლო ორ მთავარ კანდიდატს შორის პირადი დაპირისპირება შეინიშნებოდა. ბოლო კვირებში კი ყურადღების ცენტრში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე მათი განსხვავებული პოზიციები მოექცა.

ილიანა იოტოვა ომის დიპლომატიური გზით დასრულებას ემხრობა. მან ამომრჩევლებს ასევე განუცხადა, რომ ბულგარელი სამხედროები უკრაინაში არ გაიგზავნებიან.

ანდრეი გიუროვი უკრაინის მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების პერიოდში მან კიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი.

რა უფლებამოსილება აქვს ბულგარეთის პრეზიდენტს?

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია, ქვეყნის მეთაური საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს წარმოადგენს და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებებს გენერალური პროკურორისა და უმაღლესი სასამართლოების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ, კონსტიტუციით განსაზღვრული კანდიდატებიდან ნიშნავს დროებით პრემიერ-მინისტრს და აქვს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება.