შეიძლება თუ არა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყნის ევროპული სივრციდან დაშორება მოჰყვეს? ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში ამ სცენარის საფრთხეებზე, საერთაშორისო პარტნიორების ბერკეტებსა და პოლიტიკური კრიზისის შესაძლო შედეგებზე საუბრობს.

— ანალიტიკოსების ნაწილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს დასავლური კურსის შეზღუდვის მცდელობად აფასებს. ხელისუფლება კი ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე საუბრობს. თქვენი აზრით, რა დგას ამ პროცესის უკან?

— პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ, რამდენად დასაბუთებულია თავად სარჩელი. კონსტიტუცია მსგავსი პროცესის წარმოების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სარჩელი საკმარის საფუძველს ქმნის პარტიების აკრძალვის საკითხის განსახილველად.

მსგავსი საქმეები ევროპულ ქვეყნებშიც განხილულა. მათი მიზანი უნდა იყოს იმის დადგენა, ეწინააღმდეგება თუ არა პარტიის მიზნები, პროგრამა და საქმიანობა კონსტიტუციას და წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს დემოკრატიისა და სახელმწიფოსთვის.

ჩვენს შემთხვევაში წარმოდგენილი არგუმენტები სერიოზულ კითხვებს აჩენს. ეს ეჭვქვეშ აყენებს სარჩელის შეტანის მიზანსაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულება კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა. ეს კი საქართველოში დემოკრატიას, პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს გულისხმობს. ჩემი შეფასებით, მიმდინარე პროცესი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს.

საფრთხე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებას არ უკავშირდება. პროცესის გარშემო არსებული პროპაგანდა, ინტერპრეტაციები და პოლიტიკური განცხადებები საზოგადოებრივ დაპირისპირებას ზრდის და სახელმწიფოს აზიანებს.

— თქვენს პოსტში სოკრატეს სახელთან დაკავშირებულ „სამ საცერზე“ საუბრობთ – სიმართლეზე, კეთილ მიზანსა და სარგებელზე. რამდენად გადის მიმდინარე პროცესი ამ შემოწმებას?

— ეს ფილოსოფიური შედარებაა. პირველი საკითხია სიმართლე: რამდენად შეესაბამება რეალობას ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს წარედგინა და საზოგადოებას მიეწოდება? პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მის წარმდგენებს, ისე მათ, ვინც ამ მასალას განსახილველად იღებს.

მეორეა მიზანი: ემსახურება თუ არა პროცესი დემოკრატიის, სახელმწიფოს ერთიანობისა და მისი საფუძვლების განმტკიცებას? თუ, პირიქით, საზოგადოებას უპირისპირებს ერთმანეთს და ქვეყანას ასუსტებს?

მესამეა სარგებელი: რას მიიღებს ამ ყველაფრისგან საზოგადოება?

ერთი პარტიისთვის პროცესი შეიძლება დამანგრეველი იყოს, მეორეს კი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას აძლევდეს. მაგრამ კონსტიტუციის დანიშნულება კონკრეტული პარტიის გაძლიერება არ არის.

ჩემი აზრით, მიმდინარე პროცესის სარგებელი ქვეყნისთვის არ ჩანს. თუ მას პარტიების აკრძალვა მოჰყვება, ეს განსაკუთრებით მძიმე შედეგი იქნება. თუმცა სარჩელის უარყოფის შემთხვევაშიც დარჩება საზოგადოებაში შექმნილი დაპირისპირება და იმედგაცრუება.

— ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეშფოთება რას ნიშნავს საქართველოსთვის? ეს პროცესი უკვე მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი აღარ არის?

— დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხები მხოლოდ ქვეყნის შიდა თემად ვერ ჩაითვლება, როდესაც ის საერთაშორისო გაერთიანებების წევრია და შესაბამისი ვალდებულებები აქვს აღებული.

საქართველო ევროპის საბჭოში სწორედ იმ საერთო პრინციპების საფუძველზე გაწევრიანდა, რომლებიც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება. თუ ქვეყანა ამ პრინციპებს შორდება, ეს ორგანიზაციისა და მისი წევრების ინტერესის საგანიც ხდება.

ამიტომ ევროპელი პარტნიორების განცხადებები, ვენეციის კომისიის დასკვნები და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ლეგიტიმურია.

ეს არ გულისხმობს იმას, რომ ევროპამ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეცვალოს. პარტნიორებს შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანამ თავად აიღო.

— შეიძლება პოლიტიკური კრიზისი ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების საფუძველიც გახდეს?

— პოლიტიკური კრიზისი ზოგჯერ ახალ შესაძლებლობებს აჩენს, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა „შეიძლება“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვითარება ძალიან სარისკოა.

ჩემი შეფასებით, პარტიების აკრძალვის მცდელობა ცალკე აღებული ნაბიჯი არ არის. მას შეიძლება მოჰყვეს არჩევნები, რომლებშიც მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება, შემდეგ კი ისეთი ცვლილებები განახორციელოს, რომლებიც საქართველოს ევროპულ სამართლებრივ სივრცეს კიდევ უფრო დააშორებს.

ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რასაც პირობითად „ლეგალურ ავტორიტარიზმს“ ვუწოდებ.

— რას გულისხმობთ „ლეგალურ ავტორიტარიზმში“?

— დღეს საქართველოს კონსტიტუციური ნორმები დემოკრატიულია. ამიტომ ხელისუფლების მოქმედებები ამ პრინციპებთან შესაბამისობით უნდა შეფასდეს.

მაგრამ თუ თავად კონსტიტუცია და კანონები ისე შეიცვალა, რომ მმართველ ძალას დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუთავსებელი უფლებამოსილებები მიენიჭა, ავტორიტარული პრაქტიკა შიდა კანონმდებლობით გაფორმდება.

ასეთ პირობებში შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს პოლიტიკური საქმიანობა, შეკრება, ორგანიზაციების შექმნა და დემოკრატიული ცვლილებებისთვის მოქმედება.

თუ ამ სისტემას გარედანაც ექნება მხარდაჭერა, მისი კონსოლიდაციის საფრთხე გაიზრდება. სწორედ ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი აუცილებლად სასიკეთო შესაძლებლობებს წარმოშობს.

— რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოს ევროპული ურთიერთობებისთვის?

— ჩემი შეფასებით, ასეთი მიმართულებით განვითარება საფრთხეს შეუქმნის როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ისე ევროპის საბჭოში საქართველოს ადგილს.

ქვეყანა შეიძლება ევროპული პოლიტიკური სივრციდან იზოლაციისკენ წავიდეს და ურთიერთობები უფრო მეტად არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან განავითაროს.

ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ასეთ ცვლილებას აუცილებლად გაჰყვება ან შეეგუება. მაგრამ ხელისუფლების მიერ ინსტიტუციური შეზღუდვების გაძლიერება დემოკრატიული პროცესისთვის მოქმედებას მნიშვნელოვნად გაართულებს.

— რა ბერკეტები აქვთ დასავლეთსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოვლენებზე გავლენის მოსახდენად?

— მათი შესაძლებლობები შეზღუდულია სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის პრინციპებით. პარტნიორები სხვა ქვეყანაში პირდაპირ ვერ შეცვლიან ხელისუფლებას. ძირითადი პასუხისმგებლობა თავად საზოგადოებაზე რჩება.

თუმცა მათ შეუძლიათ შეცვალონ საქართველოსთან ურთიერთობის პირობები. შესაძლო ნაბიჯებს შორისაა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, პროგრამებისა და დაფინანსების შეზღუდვა, სანქციები და საერთაშორისო თანამშრომლობის შემცირება.

ასეთ ზომებს შესაძლოა მოქალაქეებისთვისაც არასასურველი შედეგები ჰქონდეს. მაგრამ ევროპული ორგანიზაციები საკუთარ წესებსა და დემოკრატიულ პრინციპებს იცავენ.

ამიტომ საერთაშორისო რეაგირება მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებით არ უნდა წარმოვიდგინოთ. ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებიდან დაშორებას შეიძლება ურთიერთობების პრაქტიკული ცვლილებაც მოჰყვეს.

ინტერვიუ მოამზადა: ლევან ჭითანავამ

გადაცემის სტუმარი: კახა გოგოლაშვილი, ევროკავშირის საკითხების მკვლევარი