კატარის წარმომადგენლები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით თეირანში დაბრუნდნენ. ინფორმაციას Reuters მოლაპარაკებების დეტალებში ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატარის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიური პროცესი შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით ხორციელდება.

მანამდე კატარმა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების ახალი სამშვიდობო გეგმა წარუდგინა, თუმცა ირანის მაღალჩინოსანმა შეთავაზებები მიუღებლად შეაფასა და განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ შეცვლის.

მხარეებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებების პირობებია. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მოლაპარაკებების დაწყებისთანავე განიხილონ. თეირანი კი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში ირანის პორტების ბლოკადა უნდა შეწყვიტოს და ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები გააუქმოს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თეირანი შუამავლებთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და განიხილავს წინადადებებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით ირანის მიერ წარდგენილი შვიდდღიანი გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ირანთან კონტაქტი სამედიცინო საშუალებების მიწოდების საკითხს ეხებოდა. მანამდე ამერიკული მედია ამ კონტაქტს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს უკავშირებდა.