მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა პლატფორმიდან 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები მოიპარეს, რაც კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდობაა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბლოკჩეინის ანალიზის ამერიკული კომპანიების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის შეფასებით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება დგას.

გამოცემის ცნობით, კიბერშეტევის ძირითადი ნაწილი ხუთშაბათს, გვიან ღამით, დაახლოებით 20 წუთში განხორციელდა. თავდამსხმელებმა Binance-ის სისტემებზე წვდომა მოიპოვეს და კრიპტოვალუტა ბირჟის საფულეებიდან მათ მიერ კონტროლირებად მისამართებზე გადაიტანეს.

TRM Labs-ის განცხადებით, თავდასხმის მეთოდი 2025 წელს კრიპტობირჟა Bybit-ზე განხორციელებულ კიბერშეტევას ჰგავს, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩრდილოეთ კორეას დაუკავშირა.

Binance-მა მომხდარის შემდეგ კრიპტოვალუტის გატანა დროებით შეაჩერა და განაცხადა, რომ მომხმარებლების დანაკარგებს სრულად აანაზღაურებს.

„თქვენი ფული უსაფრთხოდაა და ჩვენ ყველა დანაკარგს ავანაზღაურებთ“, – დაწერა კომპანიის თანააღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა სოციალურ ქსელ X-ზე.

მისივე განცხადებით, კომპანიის შიდა გამოძიებას თავდასხმაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირი ან ჯგუფი ჯერ არ გამოუვლენია.

Binance-ის ინფორმაციით, მოპარული აქტივებიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თანხის ადგილმდებარეობა უკვე დადგენილია. კრიპტოვალუტის გამომშვებმა კომპანიებმა, მათ შორის Tether-მა და Circle-მა, აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინეს.

Tether-მა ინციდენტთან დაკავშირებული დაახლოებით 1,57 მილიარდი დოლარის აქტივები დაბლოკა, Circle-მა — 800 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო Ripple-მა — დაახლოებით 200 მილიონი დოლარი.

კომპანია World Liberty Financial-მაც პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტივების გაყინვის ღონისძიებები განახორციელა.

Binance-ის განცხადებით, თანხის გატანის სერვისის აღდგენა მომდევნო 48 საათში იგეგმება.

კიბერშეტევის შესაძლო მიზეზი

Binance-ის პირველადი გამოძიების თანახმად, თავდასხმა შესაძლოა კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის კომპიუტერის გატეხვით დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანამშრომლის ლეპტოპზე წვდომის მოპოვების შემდეგ Binance-ის ერთ-ერთ სისტემაში შეაღწია და არაავტორიზებული ტრანზაქციები განახორციელა.

კრიპტობირჟა Mt. Gox-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარკ კარპელესმა განაცხადა, რომ ჰაკერებმა, სავარაუდოდ, Binance-ის სულ მცირე ორი კრიპტოსაფულის პირად გასაღებებზე მოიპოვეს წვდომა.

მისი შეფასებით, Binance-ის აქტივები სხვადასხვა სისტემაშია განაწილებული, რაც ერთი კიბერშეტევის შედეგად ყველა აქტივის დაკარგვის რისკს ამცირებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზარალი უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა.

კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა

მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კრიპტოვალუტების ბაზარზე ფასები დაეცა.

ბიტკოინის ღირებულება ექვსკვირიან მინიმუმამდე, 76 368 დოლარამდე შემცირდა, ხოლო Ethereum-ის ფასი 3%-ზე მეტით დაეცა და 2 178 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ორი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Binance-თან დაკავშირებული BNB ტოკენი 24 საათის განმავლობაში 5%-ით გაუფასურდა და მისი ფასი 709,70 დოლარამდე შემცირდა.

შემცირდა კრიპტოვალუტის სექტორში მოქმედი საჯარო კომპანიების აქციების ღირებულებაც. Coinbase-ის აქციები 4,8%-ით დაეცა, ხოლო Strategy-ის – თითქმის 6%-ით.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომხდარმა შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს ინვესტორების ნდობა ცენტრალიზებული კრიპტობირჟების მიმართ.

მოპარული თანხა Binance-ის უსაფრთხოების ფონდს ექვსჯერ აღემატება

Binance-ის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, პლატფორმას მსოფლიოში 335 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის მართვაში არსებული აქტივების ღირებულება დაახლოებით 162,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომპანიას მომხმარებლების დასაცავად შექმნილი აქვს სპეციალური უსაფრთხოების ფონდი, რომლის მოცულობა ერთი მილიარდი დოლარია და მთლიანად ბიტკოინში ინახება.

თუმცა, ბოლო კიბერშეტევის შედეგად მოპარული თანხა ამ ფონდის მოცულობას ექვსჯერ აღემატება.

Binance-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, დანაკარგების დასაფარად როგორც უსაფრთხოების ფონდის, ისე კომპანიის საკუთარი ფინანსური რესურსები იქნება გამოყენებული.

Reuters-ის ცნობით, შემთხვევა კრიპტოვალუტის სექტორში კიბერშეტევების მზარდი მასშტაბის კიდევ ერთი მაგალითია.

TRM Labs-ის მონაცემებით, 2025 წელს ჰაკერებმა დაახლოებით 150 თავდასხმის შედეგად ჯამში 2,9 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.