დღეს სამთო ველოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტიური დასვენების სახეობაა, თუმცა მისი ისტორია პროფესიონალური სპორტული აღჭურვილობით არ დაწყებულა. 1970-იან წლებში ამერიკის დასავლეთში ენთუზიასტებმა ძველი ველოსიპედების ნაწილებით ისეთი ტრანსპორტის შექმნა სცადეს, რომელიც რთულ მთიან გზებს გაუძლებდა. ამ იდეამ საბოლოოდ სპორტის ახალი სახეობა წარმოშვა.
სამთო ველოსპორტის წარმოშობის ისტორიას ორი მთავარი ადგილი უკავშირდება – კოლორადოს შტატის პატარა ქალაქი კრესტედ-ბიუტი და კალიფორნიის მარინის ოლქი. პირველში ველოსიპედისტებმა რთული მთიანი მარშრუტების დაძლევა დაიწყეს, მეორეში კი ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შეიმუშავეს, რომლებმაც თანამედროვე სამთო ველოსიპედის შექმნას დაუდო საფუძველი.
ძველი ველოსიპედები და ახალი იდეა
1960-იან და 1970-იან წლებში ამერიკის დასავლეთში კონტრკულტურული მოძრაობის გავლენით ახალი თაობის ახალგაზრდები დასახლდნენ. მათ შორის იყვნენ ჰიპები, მოთხილამურეები, სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების მსურველები და ადამიანები, რომლებიც ქალაქური ცხოვრებისგან შორს, ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას ამჯობინებდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი კოლორადოს შტატის ქალაქი კრესტედ-ბიუტი იყო. აქაურ მთიან გზებზე გადაადგილება ავტომობილებისთვისაც რთული აღმოჩნდა. ორმოებით სავსე ქუჩებმა და გრუნტის გზებმა ადგილობრივ ენთუზიასტებს განსხვავებული სატრანსპორტო საშუალების შექმნისკენ უბიძგა.
მათ ძველი ველოსიპედების ნაწილებისგან გამძლე, უგზოობისთვის განკუთვნილი ველოსიპედების აწყობა დაიწყეს. განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის Schwinn-ის ველოსიპედების ნაწილებს.
ჯგუფმა საკუთარ თავს Grubstake Gang უწოდა – ადგილობრივი საყვარელი ბარის სახელის მიხედვით.
მათ მიერ აწყობილი ველოსიპედები მძიმე იყო, თუმცა ფართო საბურავების წყალობით რთულ, ქვიან გზებზე გადაადგილებას ახერხებდა. სწორედ ასეთ თვითნაკეთ ველოსიპედებს უწოდებდნენ „კლანკერებს“ (Klunkers).
1976 წლის ექსპერიმენტი, რომელიც თითქმის სრული მარცხით დასრულდა
1976 წლის სექტემბერში 15-მა ველოსიპედისტმა ამბიციური მიზანი დაისახა – კრესტედ-ბიუტიდან ასპენამდე, პერლ-პასის უღელტეხილის გავლით, ველოსიპედებით ჩასვლა.
მარშრუტი დაახლოებით 61 კილომეტრს მოიცავდა და ზღვის დონიდან 3 870 მეტრზე მაღლა ადიოდა.
იმ დროისთვის მსგავსი მოგზაურობა თითქმის წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. რთული აღმართები, ქვიანი გზები და ტექნიკურად მოუმზადებელი ველოსიპედები მონაწილეებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა.
მომდევნო დღეს ასპენამდე მხოლოდ ორმა ველოსიპედისტმა მიაღწია. დანარჩენების თვითნაკეთმა ველოსიპედებმა მძიმე გზის დატვირთვას ვერ გაუძლო.
მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ველოსიპედით მთიან უგზოობაზე გადაადგილება შესაძლებელი იყო. საჭირო მხოლოდ უფრო გამძლე კონსტრუქციის შექმნა გახლდათ.
კალიფორნია – ადგილი, სადაც სამთო ველოსიპედი ტექნოლოგიურად განვითარდა
იმავე პერიოდში, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით, კალიფორნიის მარინის ოლქში, ახალგაზრდების კიდევ ერთი ჯგუფი მსგავსი იდეით იყო გატაცებული.
ისინი საკუთარ თავს Larkspur Canyon Gang-ს უწოდებდნენ და ავტოფარეხებში აწყობილი ველოსიპედებით ტამალპაისის მთის ციცაბო ფერდობებზე ეშვებოდნენ.
1976 წლის ოქტომბერში სწორედ ამ ჯგუფმა ჩაატარა შეჯიბრება, რომელიც სამთო ველოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ოფიციალურად ქრონომეტრირებულ რბოლად მიიჩნევა.
შეჯიბრებას Repack ეწოდა.
სახელწოდება ველოსიპედების ტექნიკურ პრობლემას უკავშირდებოდა. ციცაბო დაღმართებზე ძველი ველოსიპედების მუხრუჭები იმდენად ცხელდებოდა, რომ მათი მექანიზმის საპოხი მასალა ზიანდებოდა. ამიტომ ყოველი დაშვების შემდეგ მონაწილეებს მუხრუჭის მექანიზმში საპოხის ხელახლა ჩადება უწევდათ.
პირველი შეჯიბრების გამარჯვებული ალან ბონდსი გახდა.
პირველი სპეციალურად შექმნილი სამთო ველოსიპედი
1977 წელს კალიფორნიული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ჯო ბრიზმა, ახალი ტიპის ველოსიპედი შექმნა.
მისი მოდელი, Breezer 1, ერთ-ერთ პირველ სპეციალურად სამთო ველოსპორტისთვის დაპროექტებულ ველოსიპედად ითვლება.
მანამდე ენთუზიასტები ძველ ველოსიპედებს ცვლიდნენ და ამაგრებდნენ. ბრიზმა კი გადაწყვიტა, თავიდანვე შეექმნა კონსტრუქცია, რომელიც რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუძლებდა.
ველოსიპედს ჰქონდა გამძლე ფოლადის შენადნობის ჩარჩო, მტკიცე ბორბლები, გაუმჯობესებული მუხრუჭები და მოტოციკლის სამუხრუჭე ბერკეტებისგან გადაკეთებული დეტალები.
ამ მოდელის პროტოტიპი დღეს სმიტსონის ინსტიტუტის ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
ორი ქალაქი, რომლებიც სპორტის სამშობლოდ მიიჩნევენ თავს
1978 წელს კალიფორნიელი ველოსიპედისტები კოლორადოში გაემგზავრნენ, რათა პერლ-პასის ტურში მიეღოთ მონაწილეობა.
ორი ჯგუფის წევრებმა სწრაფად გამონახეს საერთო ენა. მათ აერთიანებდათ მთიან გზებზე გადაადგილების სიყვარული, ტექნიკური ექსპერიმენტები და თავგადასავლებისკენ სწრაფვა.
მიუხედავად ამისა, კრესტედ-ბიუტსა და მარინის ოლქს შორის დღემდე არსებობს მეგობრული კამათი იმის შესახებ, თუ რომელია სამთო ველოსპორტის ნამდვილი სამშობლო.
კოლორადოში სპორტის საწყისად რთულ მთიან მარშრუტებზე პირველი ექსპერიმენტები მიაჩნიათ, კალიფორნიაში კი – სპეციალური ველოსიპედების შექმნა და ორგანიზებული შეჯიბრებების დაწყება.
სავარაუდოდ, თანამედროვე სამთო ველოსპორტის ჩამოყალიბებისთვის ორივე მიმართულება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
როგორ იქცა თვითნაკეთი ველოსიპედები მსოფლიო ინდუსტრიად
პირველი ექსპერიმენტებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ სამთო ველოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აქტიურ დასვენების სახეობად იქცა.
2024 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით ცხრა მილიონი ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც გადაადგილდებოდა სამთო ველოსიპედით უგზოობაზე.
2020-დან 2024 წლამდე კი მსოფლიოში რეგისტრირებული სამთო ველოსპორტის ღონისძიებების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.
ტექნოლოგიაც მნიშვნელოვნად განვითარდა. თანამედროვე სამთო ველოსიპედები აღჭურვილია ნახშირბოჭკოვანი ჩარჩოებით, წინა და უკანა ამორტიზატორებითა და დისკური მუხრუჭებით, რომელთა განვითარებაზე საავტომობილო და მოტოციკლეტების ინდუსტრიამ დიდი გავლენა მოახდინა.
სპორტის პოპულარობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია Red Bull Rampage — ექსტრემალური სამთო ველოსპორტის შეჯიბრება, რომელიც 2001 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იუტის შტატის წითელი კლდეების კანიონებში იმართება.
შეჯიბრების მონაწილეები თითქმის ვერტიკალურ ფერდობებზე ეშვებიან და კანიონების თავზე რთულ საჰაერო ილეთებს ასრულებენ. ღონისძიებას ტელევიზიითა და ინტერნეტით ათიათასობით მაყურებელი ადევნებს თვალს.
სად არის სამთო ველოსპორტის ნამდვილი სამშობლო?
ამ კითხვაზე პასუხის ძიება სამთო ველოსპორტის დიდების დარბაზის ისტორიაშიც აისახა.
1988 წელს ჯო ბრიზმა და სხვა პიონერებმა Mountain Bike Hall of Fame კოლორადოს ქალაქ კრესტედ-ბიუტში დააარსეს.
25 წლის შემდეგ კი დაწესებულების კალიფორნიაში გადატანას შეუწყვეს ხელი.
მცირე მუზეუმიდან თანამედროვე საგამოფენო სივრცეში გადასვლა სპორტის მზარდ პოპულარობას ასახავდა და ამავე დროს მის ორივე ისტორიულ ცენტრს აღიარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კოლორადოს ზოგიერთი მცხოვრები გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, მუზეუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სამთო ველოსპორტის პიონერმა დონ კუკმა, კალიფორნიის მნიშვნელობა საჯაროდ აღიარა.
„მარინის ოლქი ამ სპორტის ნამდვილი სამშობლოა. მათ ჰქონდათ ტექნოლოგია, ჩვენ კი — რელიეფი“, — განაცხადა მან.
დღეს სამთო ველოსპორტი პროფესიონალურ შეჯიბრებებს, ტურიზმსა და მრავალმილიონიან ინდუსტრიას აერთიანებს. თუმცა მისი საწყისი იდეა უცვლელი დარჩა — თავისუფლად გადაადგილება იქ, სადაც ჩვეულებრივი გზები მთავრდება.
წყარო: BBC