პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ წლების წინ დაწყებული დავა ხელახლა გამწვავდა. 30 ოქტომბერს ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვენჩკოვსკის, და მის მოადგილეს, ბარტლომეი სოხანსკის, უფლებამოსილება შეუჩერეს. სასამართლოს შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ კი უცხოეთში ვიზიტი შეწყვიტა და ვარშავაში დაბრუნდა.

შეჩერების შესახებ მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ განაცხადა, რომელმაც ტრიბუნალის ხელმძღვანელობა თავად იკისრა. სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ნაბიჯი უკანონოდ მიიჩნიეს: მათი თქმით, შვენჩკოვსკი და სოხანსკი თანამდებობაზე რჩებიან.

შენობასთან „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) მომხრეები მივიდნენ. მათთვის ეს ხელისუფლების მცდელობაა, სასამართლო ხელში ჩაიგდოს. პოლიციამ ადგილზე დამატებითი ძალები მიიყვანა. სამართალდამცველების ცნობით, რამდენიმე დემონსტრანტი სასამართლოს ღობეზე გადავიდა, სამი ადამიანი დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ უსაფრთხოებასა და წესრიგს იცავდა.

ნავროცკიმ სენეგალში დაგეგმილი ვიზიტი შეწყვიტა. ვარშავაში დაბრუნებული ტრიბუნალის შენობაში მივიდა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად შეაფასა.

პრემიერი დონალდ ტუსკი სულ სხვა რამეს ამბობს: მისი მთავრობა კანონის უზენაესობას აღადგენს. ეს, მისივე სიტყვით, რთული, მაგრამ აუცილებელი საქმეა.

2015 წლის მემკვიდრეობა

კრიზისის ფესვები 2015 წელშია. ხელისუფლებაში მოსულმა კონსერვატიულმა PiS-მა სასამართლო სისტემის გადაკეთება დაიწყო: შეცვალა მოსამართლეების დანიშვნის წესი და სასამართლოების მართვა. პარტია ამბობდა, რომ სასამართლოები უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული უნდა გამხდარიყო და წინა მმართველობის გავლენისგან გათავისუფლებულიყო. კრიტიკოსები, როგორც პოლონეთში, ისე ქვეყნის გარეთ, ამაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას ხედავდნენ.

ტრიბუნალზე დავა იმავე წელს ვაკანსიების შევსებით დაიწყო: წინა და ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ამ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს. მას შემდეგ ღიად რჩება კითხვა, კანონიერად დაინიშნა თუ არა ზოგიერთი მოსამართლე და შეიძლება თუ არა ტრიბუნალს დამოუკიდებელი სასამართლო ეწოდოს. ევროკავშირი PiS-ის ცვლილებების ნაწილს საფრთხედ მიიჩნევდა, პარტია კი იმეორებდა, რომ კონსტიტუციურ მოწყობას პოლონეთი თავად წყვეტს.

2023 წელს ხელისუფლებაში ტუსკის კოალიცია მოვიდა და სადავო ცვლილებების გადახედვას შეუდგა. სწრაფად არ გამოუვიდა: სასამართლოებში ისევ PiS-ის დროს დანიშნული მოსამართლეები მუშაობენ, ახალი მთავრობის ნაბიჯებს კი ოპოზიცია და პრეზიდენტი ეწინააღმდეგებიან.

ვინ რას ამბობს

მთავრობის აზრით, დღევანდელი ვითარება PiS-ის რეფორმების შედეგია. მმართველი კოალიცია ამბობს, რომ ტრიბუნალი წლებია ვეღარ ასრულებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური კონტროლის ფუნქციას, რადგან მისი შემადგენლობისა და საქმიანობის კანონიერება საეჭვოა. მთავარ არგუმენტად ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებს იშველიებს, რომლებშიც პოლონეთის ცალკეული სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დარღვევაა დადგენილი. მთავრობის განცხადებით, მას დანიშვნის წესების მოწესრიგება, სასამართლოსადმი ნდობის დაბრუნება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა სურს.

ტუსკს ისეთი კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც არ უარყოფენ, რომ წარსულის შეცდომები გამოსასწორებელია, მაგრამ ეჭვობენ, აქვს თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს მყარი სამართლებრივი საფუძველი. მათი შეკითხვა მარტივია: მთავრობა სისტემას ასწორებს თუ ერთი პარტიის გავლენას მეორისით ანაცვლებს?

PiS-ი და პრეზიდენტი ნავროცკი ამას სხვაგვარად ხედავენ. მათი თქმით, ხელისუფლება რეფორმის საბაბით იმ მოსამართლეებსა და ხელმძღვანელებს იშორებს, ვინც წინა მთავრობის დროს დაინიშნა. ოპოზიცია ამბობს, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობის შეცვლა მხოლოდ კანონით გაწერილი პროცედურით შეიძლება, ხოლო მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს, მისი გადაყენების მიზეზი ვერ გახდება. 30 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციონერები „სახელმწიფო გადატრიალებაზეც“ ალაპარაკდნენ, თუმცა ეს მათი ბრალდებაა და არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი.

ნავროცკი არც იმ მოსამართლეებს ცნობს, რომლებიც მოქმედმა საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია, რადგან მათი დანიშვნის პროცედურა მისთვის მიუღებელია.

ოთხი მოსამართლე, რომელსაც პრეზიდენტი არ ცნობს

ამ წლის მარტში პარლამენტმა ტრიბუნალში ექვსი მოსამართლე აირჩია. ნავროცკიმ ფიცი მხოლოდ ორს მიაღებინა, დანარჩენ ოთხს უარი უთხრა. ოთხივემ ფიცი პარლამენტში დადო, მაგრამ პრეზიდენტი და ტრიბუნალის ხელმძღვანელობა ამ პროცედურას და, შესაბამისად, მათ უფლებამოსილებას არ ცნობენ.

უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს დანიშვნების უვადოდ ბლოკირება. პრეზიდენტის მხარე პასუხობს, რომ კონსტიტუციური პროცედურის გვერდის ავლით მოსამართლე მუშაობას ვერ დაიწყებს.

ოქტომბერში ტრიბუნალის ხელმძღვანელობამ პარლამენტის მიერ არჩეულ მაციეი ბერეკს მუშაობის დაწყების საშუალება შეუზღუდა. ბერეკის არჩევის გამო ხელისუფლებაც გააკრიტიკეს: მანამდე ის ტუსკის მთავრობაში მუშაობდა. ანუ პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი მხოლოდ PiS-ის მიერ მხარდაჭერილ მოსამართლეებს არ ეხება.

ევროპის როლი

ბრიუსელი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა PiS-ის სასამართლო რეფორმების ნაწილს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ცალკეული სასამართლო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, 2025 წელს კი საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებითაც ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა დაადგინა.

ეს ტუსკის მთავრობის ყველა ნაბიჯს თავისთავად არ ამართლებს. სასამართლოს დამოუკიდებლობის აღდგენაც კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილებისა და მოსამართლეთა უფლებამოსილების დაცვით უნდა მოხდეს.

პრეზიდენტის როლი მოსამართლეთა ფიცის დადებაში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამაც განიხილა. ამისთვის კომისია ხელისუფლების, ოპოზიციის, სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

რა ხდება ახლა

ყველაზე პირდაპირი საფრთხე სამართლებრივი გაურკვევლობაა: თუ ხელისუფლების შტოები ერთმანეთის დანიშნულ მოსამართლეებს არ ცნობენ, ეჭვქვეშ დგება ტრიბუნალის გადაწყვეტილებებიც. ამას ნდობის პრობლემა ემატება. ურთიერთბრალდებების ფონზე სულ უფრო ძნელია, ადამიანებმა სასამართლოში პოლიტიკური ბრძოლის კიდევ ერთი ფრონტი არ დაინახონ. საქმეს ისიც ართულებს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკს წარმოადგენენ, ნავროცკის ხელში კი ვეტოს უფლებაა, რაც მთავრობას რეფორმების გატარებას ურთულებს.

ჯერჯერობით, ვინ ხელმძღვანელობს ტრიბუნალს, ღია კითხვაა. გამოსავლად განიხილება დანიშვნის წესების კანონით დაზუსტება, შემადგენლობაზე დავების მოგვარება და ისეთი მექანიზმები, რომ მსგავსი ჩიხი აღარ განმეორდეს. ამისთვის კი პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ, დღევანდელ პოლონეთში კი სწორედ ესაა ყველაზე რთული.

წყაროები

Portal

Internazionale

DW

euronews

 Reuters

AP News