საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა.   ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე. „აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  მათივე ცნობით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.  შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.