საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამასა და შეღავათიანი აგროკრედიტის პირობებში ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის, გადამუშავებისა და დაფინანსების პროცედურებს ეხება.

ცვლილებების თანახმად, ფართოვდება ფიზიკური პირებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვის შესაძლებლობა. კერძოდ, ყურძნისა და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებს პროდუქციის შეძენა თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდეც შეეძლებათ, იმ პირობით, რომ ბენეფიციარი შესაბამის ქვეკომპონენტში რეგისტრირებული იქნება.

ცვლილებები შეეხო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის დაფინანსების პირობებსაც.

განახლებული წესის მიხედვით, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის სესხები ყოველი წლის 1 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაიცემა. სესხის მოცულობა 500 ათასიდან 5 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო მისი მაქსიმალური ვადა 9 თვე იქნება.

ამასთან, სესხის მოცულობა შეძენილი პროდუქციის რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, კრედიტის თანხა ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე გადაანგარიშებით 0.09 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი პირობების მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტო მხოლოდ იმ სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას განახორციელებს, რომლის თანხაც უშუალოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენასა და გადამუშავებას მოხმარდება.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სახელმწიფო სუბსიდია უკვე მიღებული აქვს, სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ძირითადი თანხის დარჩენილ ნაწილზე განხორციელდება.

ცვლილებები მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვისა და გადამუშავების პროცესის გამარტივებას, აგრეთვე შემსყიდველი საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლებული რეგულაციები მოსავლის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უნდა შეუწყოს ხელი.