2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ელექტრონული შესყიდვის აქტების გამოყენება სავალდებულო გახდება. შესაბამის ცვლილებას შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება ითვალისწინებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ფიზიკური პირისგან საქონლის შეძენის შემთხვევაში შესყიდვის აქტი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან უნდა გამოწეროს. დოკუმენტის დადასტურება კი საქონლის გამყიდველს დაევალება.
ცვლილება საქონლის შესყიდვის ოპერაციების ელექტრონულ აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების წესს ეხება.
ამასთან, ბრძანება ითვალისწინებს გამონაკლისებსაც. ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა სავალდებულო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება.
ახალი ვალდებულება ასევე არ გავრცელდება ხე-ტყის შესყიდვაზე და იმ ქონების შეძენაზე, რომელზე საკუთრების უფლებაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირდება. ასეთ ქონებას მიეკუთვნება, მაგალითად, უძრავი ქონება და ავტომობილები.
გარდა ამისა, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება მიკრო, მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული ოპერაციებისას, აგრეთვე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის შემთხვევაში.
აღნიშნულ შემთხვევებში ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა სურვილისამებრ შეეძლებათ.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ცვლილების მიზანია საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, ეკონომიკური ოპერაციების გამჭვირვალობის გაზრდა და საქონლის შესყიდვის პროცესში აღრიცხვის ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ახალი რეგულაცია 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.