“უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ცნობა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს. როგორც მედია წერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 19 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა. კერძოდ, საქმე ეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას.
უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია. ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოძიება ჩაატარეს და მოქმედი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს.
ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს სისტემატურად იღებდნენ. სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქრთამის აღების საქმეზე ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ქრთამის ოდენობა 2000-დან 20000 დოლარამდე იყო.
ქრთამის აღების საქმის ფარგლებში 2025 წლის ბოლოს ჩხრეკა დავით არახამიას თანაშემწის სახლშიც ჩატარდა.