რას ნიშნავს ევროკომისიის კრიტიკული შეფასებები საქართველოსთვის და რა პირობებშია შესაძლებელი ევროინტეგრაციის პროცესის განახლება? დიპლომატი, ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი დავით ბაზერაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხსა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკზე. მისი შეფასებით, ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად პოლიტიკური კურსის შეცვლაა საჭირო.
– ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებებია წარმოდგენილი. რას ნიშნავს პრაქტიკულად გზავნილი, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელით?
– წინა ანგარიშთან შედარებით, შეფასებები კიდევ უფრო გაუარესებულია. საუბარი აღარ არის მხოლოდ წინსვლის არარსებობასა და პროცესის შეჩერებაზე . რიგი მიმართულებებით უკვე უკუსვლაა აღნიშნული.
პოზიტიური ის არის, რომ საქართველოსთვის კარი დახურული არ არის. თუმცა, თუ ქვეყანამ ევროპული მიმართულებით კურსი არ შეაბრუნა, შესაბამისი რეფორმები არ გაატარა და ევროპულ სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონმდებლობა არ შეცვალა, წინ ვერ წავიწევთ.
ანგარიშის მთავარი პოლიტიკური გზავნილიც ეს არის: საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ საზოგადოების სურვილის განხორციელებას შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება.
– ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშს მიკერძოებულად აფასებენ და ევროკავშირს კონფრონტაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ შეფასებებს?
– ჩემი აზრით, ეს შეფასებები შეცდომაში შემყვანია. ევროკავშირი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავდა. ურთიერთობაში პრობლემა შექმნა როგორც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა, ისე მიღებულმა კანონებმა და ანტიევროპულმა რიტორიკამ.
დიალოგზე უარი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით არ გამოიხატება. მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობასაც — რამდენად შეესაბამება ის ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ევროპულ პრინციპებს.
არ ვეთანხმები მოსაზრებასაც, რომ ევროკომისიას საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად ინფორმაცია არ ჰქონდა. ანგარიშის მომზადებისას ის სხვადასხვა წყაროს ეყრდნობა, მათ შორის ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, წევრი ქვეყნების შეფასებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მასალებს.
შესაბამისად, ანგარიშის კრიტიკა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ევროკომისია ვითარებას არ იცნობს, დასაბუთებულად არ მიმაჩნია.
– ანგარიშის კომუნიკაციაში საქართველო თურქეთთან ერთად არის მოხსენიებული. შეიძლება ეს ხანგრძლივად შეჩერებული ევროპული პერსპექტივის ნიშნად მივიჩნიოთ?
– მთავარი ის არის, რომ არსებული კურსის პირობებში გაწევრიანების პროცესი ვერ ვითარდება. ამავე დროს, ევროკავშირის გზავნილი კვლავ ასეთია: თუ საქართველო მიმართულებას შეცვლის, კარი ღია რჩება.
ამ მდგომარეობაში ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგად აღმოჩნდა. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მომდევნო ეტაპისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა გვემუშავა.
საქართველო ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყნებს შორის იყო. ახლა კი საქმე მხოლოდ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ეხება: ჩემი შეფასებით, საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობთ.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო რეფორმებით უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს, ევროკავშირი კი მათ მიმართ უფრო ლოიალურია. რას უპასუხებდით ამ არგუმენტს?
– ევროკავშირში გაწევრიანების შეფასებისას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიულ არჩევნებს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა, სურსათის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სხვა სფეროებიც. მაგრამ რომელიმე სექტორში წარმატება დემოკრატიის მიმართულებით არსებულ პრობლემებს ვერ ანაცვლებს.
არავინ ამბობს, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ყველა პრობლემა მოგვარებულია, კორუფცია აღარ არსებობს ან ადამიანის უფლებების მხრივ ყველაფერი იდეალურადაა. განსხვავება, ჩემი შეფასებით, პრობლემების აღიარებასა და მათზე რეაგირებაშია.
როდესაც ხელისუფლება კრიტიკულ შენიშვნას იღებს, პრობლემას აღიარებს და მის გამოსასწორებლად ნაბიჯებს დგამს, ეს პროგრესის შესაძლებლობას ქმნის. საქართველოში კი ხელისუფლება ხშირად თავად პრობლემის არსებობას უარყოფს. თუ ხარვეზს ვერ ხედავ ან არ აღიარებ, მის გამოსასწორებლადაც ვერ იმოქმედებ.
– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს საქართველოს ევროინტეგრაციაზე?
– ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ევროკავშირისთვის პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია.
ინტეგრაციის პროცესი ისედაც შეჩერებულია, ამიტომ დამატებითი უარყოფითი გავლენა შესაძლოა ცალკე ეტაპად ნაკლებად გამოჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი უმნიშვნელოა. ის კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს.
ჩემი სამართლებრივი შეფასებით, პრობლემურია ის საფუძველიც, რომლითაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება. თუ საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, შესაბამისი ბრალდებები სათანადო საგამოძიებო და სასამართლო პროცედურების ფარგლებში უნდა შეფასდეს.
მხოლოდ პოლიტიკური კომისიის დასკვნებზე დაყრდნობა, ჩემი აზრით, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ გარანტიებს, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვისაა საჭირო.
– რამდენად რეალურია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე?
– ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ის ადრეც არსებობდა, თუმცა მნიშვნელოვანი იყო გათვალისწინება იმისა, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო მოსახლეობა არ დაზარალებულიყო.
ამიტომ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ხელისუფლებამ შესაბამის რეკომენდაციებზე რეაგირება უნდა მოახდინოს. უვიზო მიმოსვლა არ უნდა აღვიქვათ შესაძლებლობად, რომელსაც პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები ვერ შეეხება.
– თეორიულად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები რომ დაიწყოს, რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს ქვეყანას წევრობის პირობების შესასრულებლად?
– ერთიანი ვადა არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობაშია ქვეყნის კანონმდებლობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორია პოლიტიკური ნება და რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა.
პროცესი შეიძლება ხუთი წელი გაგრძელდეს, შეიძლება ათი, ან ხანგრძლივად შეჩერდეს. ამიტომ მხოლოდ კონკრეტული თარიღის დასახელება რეალისტურ სურათს ვერ გვაძლევს.
მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის პროფესიული შესაძლებლობებიც. საქართველოში მზადდებოდნენ სპეციალისტები, რომლებსაც ევროკავშირის მოთხოვნებზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. ჩემი შეფასებით, ასეთი კადრების საჯარო სამსახურიდან ჩამოშორება პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას ამცირებს.
ევროინტეგრაციას სჭირდება როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისე ცოდნა, ინსტიტუციური გამოცდილება და თანმიმდევრული მუშაობა.
– არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში ხედავთ ინტეგრაციის პროცესის განახლების შესაძლებლობას?
– არსებული კურსის უცვლელად გაგრძელების შემთხვევაში ვერ ვხედავ. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და არაფერია შესაცვლელი, პრობლემის გადაჭრის სივრცეც არ ჩნდება.
პროცესი ჩიხშია შესული და გამოსასვლელად ცვლილებაა საჭირო. ჩემი შეფასებით, ან ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი, ან საზოგადოებამ ხელისუფლება. არსებული პოლიტიკის შენარჩუნებით ევროპული ინტეგრაციის განახლებას ვერ ველოდებით.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
გადაცემის სტუმარი:დიპლომატი, ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი დავით ბაზერაშვილი