როგორ შეცვლის საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას? იურისტი ლევან ჩხეიძე „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში განიხილავს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლების შეზღუდვას, შედეგების შეჯამების ვადების შემცირებასა და კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებების გაფართოებას. მისი შეფასებით, მთავარი რისკები ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობის შემცირებას უკავშირდება.
– კანონპროექტით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული ტიპის უზუსტობების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. როგორ აფასებთ ამ ცვლილებას სასამართლოსთვის მიმართვის უფლების თვალსაზრისით?
– ჩემი შეფასებით, ეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ზღუდავს. დღეს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება შესაძლებელია როგორც მისი შინაარსის კანონთან წინააღმდეგობის, ისე გამოცემისას დაშვებული მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევების გამო.
შემოთავაზებული ცვლილება კი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლებს ავიწროებს. საუბარია მონაცემების არასწორად გადატანასა და იმ შემთხვევებზე, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლილი შედეგები საბოლოო ოქმში სათანადოდ არ აისახება.
ამის მიღმა არსებული სხვა დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევა, შესაძლოა, დავის საგანი ვეღარ გახდეს. სწორედ ეს არის პრობლემა: დაინტერესებულ პირს სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლები ეზღუდება. ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციურ გარანტიებთან წინააღმდეგობაში მოდის.
– თუ არსებობს ეჭვი ხმების დათვლისას დაშვებულ დარღვევებზე ან ამომრჩევლის ნების დამახინჯებაზე, მაგრამ ეს ცესკოს ოქმში მონაცემების არასწორად გადატანას არ უკავშირდება, ასეთი საკითხები სასამართლოს განხილვის მიღმა დარჩება?
– აქ სხვადასხვა ეტაპი უნდა განვასხვაოთ. საუბნო და საოლქო დონეზე გამოვლენილი დარღვევების გასაჩივრებისთვის ცალკე პროცედურები არსებობს. შესაბამისი გადაწყვეტილებები დადგენილ ვადებში უნდა გასაჩივრდეს.
როდესაც საქმე საბოლოო შედეგების შეჯამებამდე მიდის, ეს ეტაპები, როგორც წესი, უკვე გავლილია. თუ კონკრეტული დარღვევა თავის დროზე არ გასაჩივრდა და შესაბამისი აქტი ძალაში შევიდა, ცესკოს ისედაც შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, ამ საკითხს თავიდან დაბრუნებოდა.
ამიტომ არ უნდა შევქმნათ წარმოდგენა, თითქოს ყველა ასეთი დავა აქამდე საბოლოო ოქმის გასაჩივრებისას თავიდან განიხილებოდა. ცვლილების მთავარი პრობლემა სხვაა – იზღუდება თავად ცესკოს აქტის გასაჩივრების საფუძვლები, მათ შორის მისი გამოცემის პროცედურასთან დაკავშირებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობა.
– კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო მხოლოდ სარჩელში მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე იმსჯელებს. რას ცვლის ეს ჩანაწერი?
– მოსარჩელეს ისედაც ევალება სარჩელში მიუთითოს ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო იმ ფაქტებზე ვერ იმსჯელებს, რომლებიც დავის ფარგლებში წარმოდგენილი არ არის.
აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ სასამართლო სარჩელის ფარგლებით ხელმძღვანელობს, არამედ ის, რომ კანონით დასაშვები საფუძვლები ვიწროვდება.
შესაძლოა, მოსარჩელემ მიუთითოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაშვებულ დარღვევაზე, მაგრამ სასამართლომ უპასუხოს, რომ ამ საკითხის განხილვა მისი უფლებამოსილების ფარგლებს აღარ მიეკუთვნება. სწორედ ამ შეზღუდვაზე ვსაუბრობ.
– ცვლილებით უქმდება საოლქო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უბნებზე ხმები ხელახლა გადაითვალონ. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ მექანიზმს?
– ასეთი გადათვლა შედეგების დამატებით შემოწმებასა და შესაძლო დარღვევების გამოვლენას ემსახურებოდა.
თუმცა ჩემი შეფასებით, პრაქტიკაში საოლქო კომისიები ამ ვალდებულებას სათანადო მონდომებით არ ასრულებდნენ. ამიტომ მისი გაუქმება ყოველდღიურ პრაქტიკაში შეიძლება ისეთივე მკვეთრ ცვლილებად არ გამოჩნდეს, როგორიც ფორმალურად ჩანს – ეფექტიანობის პრობლემა მანამდეც არსებობდა.
– ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების უფლებამოსილება საოლქო კომისიებიდან ცესკოში გადადის. რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას?
– საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ცესკო ისედაც აჯამებდა. აქ საუბარია მერებისა და საკრებულოების არჩევნებზე.
ამ ცვლილებაში უფრო პოლიტიკურ პრობლემას ვხედავ – გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალიზაციას. ადგილობრივ დონეზე მოქმედი კომისიების როლი მცირდება, საბოლოო აქტის გამოცემა კი ცენტრალურ დონეზე გადადის.
ჩემი შეფასებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, პროცესი უფრო მკაცრად აკონტროლოს და ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების სივრცე შეამციროს.
– შედეგების შეჯამების ვადის 26 დღიდან 15 დღემდე შემცირება როგორ შეიძლება აისახოს საჩივრების განხილვაზე?
– ეს ვადები მხოლოდ იმისთვის არ არსებობდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მათ გასვლას დალოდებოდა. ისინი უკავშირდება გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, სასამართლოში განხილვას, საჭიროების შემთხვევაში აპელაციასა და გადაწყვეტილებების ძალაში შესვლას.
ამიტომ საერთო ვადის შემცირებისას მნიშვნელოვანია, რა დრო რჩება თითოეული ამ მოქმედებისთვის. საარჩევნო დავაზე მუშაობა დიდი მოცულობის მასალის დამუშავებას მოითხოვს. იურისტმა უნდა შეისწავლოს დოკუმენტები, მოამზადოს დასაბუთებული სარჩელი და წარადგინოს მტკიცებულებები.
დრო სჭირდება სასამართლოსაც – საქმის შესასწავლად, განსახილველად და გადაწყვეტილების დასასაბუთებლად. ჩემი შეფასებით, ვადების შეკუმშვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც სამართლებრივი დაცვის, ისე დავების განხილვის ხარისხზე.
– კომისიების ზოგიერთი უფლებამოსილება უშუალოდ თავმჯდომარეებს გადაეცემათ, მათ შორის დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხიც. რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა?
– ესეც ცენტრალიზაციის ნაწილია. კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება რამდენიმე წევრის მონაწილეობას, განხილვასა და პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. როდესაც უფლებამოსილება ერთ პირს გადაეცემა, ეს მექანიზმი სუსტდება.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, გადაწყვეტილებების მიღება უფრო პროგნოზირებადი და კონტროლირებადი გახადოს. თავმჯდომარეზე გავლენის მოხდენა უფრო მარტივია, ვიდრე კოლეგიური ორგანოს ყველა წევრზე.
დემოკრატიული მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საკითხებზე კოლეგიური გადაწყვეტილების მიღებას უპირატესობას ვანიჭებ.
– მთლიანობაში, რომელ ცვლილებებს მიიჩნევთ ყველაზე პრობლემურად?
– პირველ რიგში, სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლების შეზღუდვას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია გასაჩივრებისა და განხილვისთვის საჭირო დროის შემცირება.
ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისთვის მხოლოდ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფორმალური შესაძლებლობა საკმარისი არ არის. მხარეს უნდა შეეძლოს დარღვევაზე დავა, ჰქონდეს საქმის მოსამზადებლად საკმარისი დრო, სასამართლოს კი – მისი სრულფასოვნად განხილვის შესაძლებლობა.
– როგორ აფასებთ ცვლილებების შესაბამისობას საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებთან, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან?
– ჩემი შეფასებით, ამ ინსტიტუტების რეკომენდაციებთან დაახლოების ნაცვლად, საპირისპირო მიმართულებით მივდივართ.
ეს მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობას არ ეხება. სხვადასხვა სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის. საარჩევნო ცვლილებებსაც ამ საერთო ტენდენციის ნაწილად ვხედავ.
– რა შეიძლება იყოს ამ ცვლილებების გრძელვადიანი შედეგი საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისა და შედეგების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით?
– ჩემი აზრით, ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს და ამ მიზნით წესებს ამკაცრებს.
ამ პროცესს საერთაშორისო პოლიტიკურ გარემოსაც ვუკავშირებ. ველოდები, რომ ამერიკაში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ზეწოლა შეიძლება გაიზარდოს. ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება ამის საპასუხოდ შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას შეეცდება.
არ ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ცვლილებები იქნება. შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები ვიხილოთ პოლიტიკური პარტიების, დაფინანსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური აქტივობისა და სხვა მიმართულებებითაც.
თუ ცვლილებების მიზანი კონკურენციის პირობების გაუმჯობესების ნაცვლად მმართველი პარტიისთვის უპირატესობის შექმნა იქნება, ეს საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ვერ გააძლიერებს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: ლევან ჩხეიძე, იურისტი