საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური პრობლემების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 575 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხელისუფლების მონაცემებით, 5 ნოემბრის დემონსტრაციები სექტემბერში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ერთ დღეში მონაწილეთა რაოდენობით ყველაზე მასშტაბური იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საყოველთაო გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო გამოსვლებმა გავლენა მოახდინა სკოლების, უნივერსიტეტების, სარკინიგზო ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ზოგიერთი დაწესებულების მუშაობაზე.
მიუხედავად დემონსტრაციების მასშტაბისა, აქციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა. თუმცა რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტების ნაწილს შორის შეტაკებები მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება დაფიქსირდა რენში, ნანტში, ლიონსა და მარსელში. ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 448 ადამიანი დააკავა.
ლიონში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების ნაწილის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რენში კი რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც, პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა სასტუმრო დააზიანა, სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლა და პროფკავშირების წარმომადგენლებს თავს დაესხა.
ტულუზის მახლობლად ერთ-ერთი სკოლა განზრახ გაჩენილი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრაციების დღეს ქვეყნის მასშტაბით მეხანძრეებს ხანძრის 86 შემთხვევაზე მოუწიათ რეაგირება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ძალადობრივი ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი პროტესტის უფლების განხორციელების უზრუნველყოფა შეძლეს.
გაფიცვამ სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობაზე იმოქმედა
საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, სტუდენტები, ფოსტის თანამშრომლები, ექიმები, ფარმაცევტები და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები.
მთავრობის მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით მესამედის მუშაობა შეაფერხა, ხოლო სკოლების თანამშრომელთა 13% გაიფიცა.
გაფიცვის გამო შეფერხდა ზოგიერთი სარკინიგზო რეისიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაფიცვაში საჯარო საავადმყოფოების თანამშრომელთა დაახლოებით 5% მონაწილეობდა, თუმცა სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები არ დაფიქსირებულა.
რას ითხოვენ დემონსტრანტები?
საპროტესტო მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად განათლების სისტემაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, თანდათან გაფართოვდა და მას პროფკავშირები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფი და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები ცხოვრების ხარჯების შემცირებას, ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, განათლების დაფინანსების გაუმჯობესებასა და სოციალური უთანასწორობის შემცირებას უკავშირდება.
საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირი CGT მინიმალური ხელფასის დაუყოვნებლივ 10%-ით გაზრდას მოითხოვს, ხოლო CFDT მინიმალური თვიური ანაზღაურების 100 ევროთი მატებას ითხოვს.
სტუდენტური ორგანიზაციები განათლების ბიუჯეტის 10 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდას, სასკოლო ინფრასტრუქტურაში დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებასა და უნივერსიტეტებში 250 ათასი ახალი ადგილის შექმნას მოითხოვენ.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მთავრობის გადადგომას, ასევე ახალი საკონსტიტუციო პროცესის დაწყებას ითხოვენ.
მაკრონი ახალგაზრდებს სასწავლო პროცესის განახლებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნები მოისმინა, თუმცა აუცილებელია სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის ნორმალური პირობების აღდგენა.
მისი თქმით, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, არდადეგების შემდეგ სკოლებში დაბრუნდნენ და სწავლა უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ.
მაკრონმა ახალგაზრდებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და სასწავლო პროცესის განახლებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო გამოსვლები შესაძლოა გაგრძელდეს.
CNN-ის ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილი აქციების გაგრძელებას დეკემბრის ბოლომდე, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გეგმავს.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები მომდევნო საპროტესტო გამოსვლების გამართვას პარასკევსა და შაბათსაც აპირებენ.
მსგავსი სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნებით გაფიცვები ნოემბრის განმავლობაში ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ბელგიაშიც არის დაგეგმილი.