ირანმა კატარის შუამავლობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ახალი წინადადება გადასცა. თეირანი მოლაპარაკებების დაწყებას ვაშინგტონის მიერ წინასწარ განსაზღვრული შვიდი პირობის შესრულებას უკავშირებს.
ინფორმაციას Reuters-ი ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია მიღებულ წინადადებას განიხილავს, თუმცა მისი კონკრეტული შინაარსის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, მოჰსენ რეზაიმ, რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებების განახლებას მანამდე არ აპირებს, ვიდრე შეერთებული შტატები ირანის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
„დიპლომატიის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელებს შვიდი პირობა წარვუდგინეთ. ვიდრე ისინი ჩვენს შვიდივე პირობას არ შეასრულებენ, არც ჰორმუზის სრუტეს გავხსნით და არც მოლაპარაკებებს დავიწყებთ“, – განაცხადა რეზაიმ.
ირანის მოთხოვნებს შორისაა ამერიკული სანქციების გაუქმება, საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება და სამხედრო კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
ამასთან, თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენასაც აღნიშნული პირობების შესრულებას უკავშირებს. სრუტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრისთვის, რადგან ის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.
ვაშინგტონის პოზიცია განსხვავებულია. აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საწყისი მოლაპარაკების დღის წესრიგში ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი აუცილებლად უნდა შედიოდეს.
ორ ქვეყანას შორის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიური კონტაქტები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მოლაპარაკებების მიზანი სამხედრო დაპირისპირების დასრულება და ახალი ესკალაციის თავიდან აცილებაა.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
კონფლიქტი მოგვიანებით რეგიონის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა, მათ შორის ლიბანსა და იემენში, რამაც საერთაშორისო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხე შეუქმნა.
მიუხედავად დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურებისა, მხარეებს შორის კვლავ რჩება უთანხმოება მოლაპარაკებების დაწყების პირობებსა და განსახილველი საკითხების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით.