თბილისის ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლის შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების შესაძლო ფორმატები განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა მშობლებს რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, მათ შორის ჰიბრიდული სწავლება, მეორე ცვლაში გადასვლა და მოსწავლეების სხვა საჯარო სკოლებში გადანაწილება.
მშობლებისთვის არცერთი შეთავაზება მისაღები არ აღმოჩნდა. ისინი მოითხოვენ ისეთი ალტერნატიული ფართის გამოყოფას, სადაც ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესის გაგრძელებას პირველ ცვლაში შეძლებს.
შეხვედრის შედეგად, განათლების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, ორი დღის ვადაში შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და მოიძიოს შესაბამისი შენობა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება სწავლა ორშაბათიდან. საბოლოო გადაწყვეტილება ალტერნატიული ფართისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხების დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი.